Belive

უსეინ ბოლტი ფინანსურ პრობლემებს ებრძვის

1 წლის წინ სხვა
2 წთ

ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ ინვესტიცია, რომელშიც თქვენი მთელი დანაზოგი ჩადეთ წარუმატებელი აღმოჩნდა და ყველაფერი რაც ორი წუთის წინ გქონდათ აღარ გაგაჩნიათ. სწორედ ასეთი რამ შეემთხვა მსოფლიოსა და ოლიმპიადის მრავალგზის ჩემპიონს იამაიკელ უსეინ ბოლტს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლეგენდარულ მძლეოსანს 10 მილიონი დოლარი ანგარიშიდან გაუქრა და ახლა მხოლოდ $2,000 დარჩა.

ერთ-ერთი იამაიკური კომპანია (SSL) თაღლითურ სქემაში გამოიჭირეს, რომლის მსხვერპლიც ბოლტი აღმოჩნდა. ადგილობრივი გამოცემა Observer იუწყება, რომ კომპანიამ დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ დოლარი მოიპარა.

უსეინის ფინანსურმა გუნდმა ანგარიში ზემოხსენებულ კომპანიაში 2012 წელს გახსნა, სადაც 10 მილიონი დოლარი შეიტანა. სპორტსმენს აღნიშნული თანხა არასდროს გამოუყენებია და როცა ფინანსურმა გუნდმა კომპანიაში ეჭვი შეიტანა, ყველაფერი უკვე გვიანი იყო. ოლიმპიური ჩემპიონის ანგარიშზე მხოლოდ 2,000 დოლარი იყო დარჩენილი.

BBC იტყობინება, რომ იამაიკის ფინანსური სერვისების კომისიამ SSL-ს გაყიდვები და ვაჭრობა ორგანოს პირდაპირი ნებართვის გარეშე აუკრძალა. არსებობს იმის საშიშროება, რომ ბოლტმა მისი თანხა ვერასდროს დაიბრუნოს.

"ტყუილების სამყაროში....სად არის სიმართლე?

ბოროტების ისტორია….რა არის ამის საფუძველი?…ფული" - წერს ყოფილი ჩემპიონი საკუთარ სოციალურ ქსელში.

უსეინ ბოლტი მძლეოსნობის ისტორიაში უდავოდ ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენია. კარიერის განმავლობაში მან 11 მსოფლიო ჩემპიონატი და რვა ოლიმპიური მედალი მოიგო. გარდა ამისა, იამაიკელმა 100 მეტრზე 9,58 წამი და 200 მეტრზე 19,19 წამი დააფიქსირა. ორივე დრო 2008 წელს აჩვენა და დღემდე მსოფლიო რეკორდია. უსეინ ბოლტმა კარიერა 2017 წელს დაასრულა და პენსიაზე გავიდა.

სხვა სტატიები