"უმარი მერაბთან ბრძოლას ტრავმირებული დათანხმდა" - ისლამ მახაჩევი
მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლის შემდეგ, გავრცელდა ფოტო სადაც უმარის მოტეხილი ხელი ჩანს. როგორც დაღესტნელების ბანაკი ამბობდა, ეს დაზიანება უმარმა პირველ რაუნდში მიიღო და მთელი ჩხუბის ჩატარება ასე მოუწია.
ისლამ მახაჩევი ამბობს, რომ უმარს ხელის ტრავმა აქამდეც აწუხებდა.
მერაბთან ჩხუბამდე უმარს ხელის ტრავმა უკვე ჰქონდა. ის თაბაშირით ვარჯიშობდა. უმარს უბრალოდ სატიტულო შანსის ხელიდან გაშვება არ სურდა და ვფიქრობ, კარგი ბრძოლაც აჩვენა. უმარი საჩემპიონო რაუნდების ნაკლებობას განიცდის. მას ბევრი არაფრის შეცვლა სჭირდება. მან უბრალოდ შემდეგი შანსი უნდა დაიმსახუროს. - განაცხადა ისლამ მახაჩევმა
შეგახსენებთ, რომ UFC 311-ზე მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და ქამარი წარმატებით დაიცვა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ მერაბი პირველია, ვინც უმარ ნურმაგომედოვის დამარცხება შეძლო. გარდა ამისა, "მანქანა" პირველი მებრძოლი გახდა, რომელმაც UFC-ში "ახალგაზრდა არწივის" მიწაზე გადაყვანა შეძლო. საჩემპიონო ჩხუბში დვალიშვილმა რეკორდის დამყარებაც შეძლო. UFC-ის ისტორიაში მან ყველაზე მეტი - 92 გდება შეასრულა და ამით ლეგენდარულ ჯორჯ სენ-პიერს გადაუსწრო.