წყალბურთის "დინამო თბილისს" მორიგი ახალწვეული ჰყავს: თბილისური კლუბის შემადგენლობაში ხვიჩა ჯახაია ითამაშებს, რომელიც გასული სეზონის განმავლობაში, ფრანგულ "სტად დე რეიმსში" თამაშობდა. ჯახაია, რომელიც პოზიციით მცველია, გამოცდილი მოთამაშეა, რომელიც საართველოს ნაკრების შემადგენლობაში რეგულარულად ასპარეზობს.
აღსანიშნავია, რომ გუნდიდან მარკო ელაჩას, დუშან ვასიჩის, სანდრო ადეიშვილისა და ანდრია ბითაძის წასვლის შემდეგ, "დინამო თბილისი" სატრანსფერო ბაზარზე მნიშვენლოვნად გააქტიურდა. გუნდმა უკვე დაიმატა ხორვატი წყალბურთელი, ანდრია ვლაჰოვიჩი, რომელმაც გასულ სეზონში, იტალიურ "ტელიმარში" 52 გოლის გატანა შეძლო.
ასევე, "დინამოს" შემადგენლობაში იჯარის წესით ითამაშებს უნგრელი ბრენდონ ჯაპიაში, რომელიც გუნდს "ფერენცვაროშიდან" იჯარის წესით შემოუერთდა. 19 წლის წყალბურთელი "ფერენცვაროში" აკადემიის აღზრდილი და უნგრეთის ახალგაზრდული ნაკრების წევრია.
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ნაკრები, რომელიც ძირითადად, "დინამო თბილისის" წყალბურთელებით არის დაკომპლექტებული, ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხორვატიის ქალაქ სპლიტში გაიმართება (29 აგვ – 10 სექ): ქართველი წყალბურთელები იტალიის, სლოვაკეთისა და მონტენეგროს დაუპირისპირდებიან.
რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, "დინამო თბილისი" ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე კვლავ იასპარეზებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდები იქნებიან "დინამოელთა" მეტოქეები - მათ ვინაობას, სავარაუდოდ, სექტემბრის პირველ რიცხვებში შევიტყობთ. წილისყრა ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სპლიტში გაიმართება.