წყალბურთი | ჩემპიონთა ლიგაზე დინამო თბილისის მეტოქეები ცნობილია
ევროპის ჩემპიონატის პარალელურად, ხორვატიის ქალაქ სპლიტში, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის წილისყრა გაიმართა. "დინამოს" ურთულეს შეხვედრები ელოდება, თუმცა გასულ წელთან შედარებით, ქართული კლუბი უფრო ხელსაყრელ ჯგუფში იასპარეზებს.
"დინამო თბილისი" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეოთხედ, იასპარეზებს. A ჯგუფში, მასთან ერთად, პლეი-ოფში გასასვლელად, "პრო რეკო", "ბარსელონეტა", "ჰანოვერი", "რადნიჩკი" და "ოლიმპიაკოსი" იბრძოლებენ.
მეტოქეების შესახებ
A ჯგუფში წარმოდგენილია ევროპის მოქმედი ჩემპიონი, "პრო რეკო": "ბარსელონეტასთან" და "ოლიმპიაკოსთან" ერთად, იტალიური კლუბი "დინამო თბილისისთვის" ყველაზე უხერხულ მეტოქედ უნდა მივიჩნიოთ.
"ჰანოვერთან" დაპირისპირებისას, "დინამოს" ერთგვარი რევანშის საშუალება მიეცემა: ორი წლის წინ, უმნიშვნელოვანეს ბრძოლაში, გერმანულმა კლუბმა ქართველი წყალბურთელები ანგარიშით 7:6 დაამარცხა. ფაქტობრივად, პლეი-ოფში გამსვლელი გუნდის ვინაობა ამ მატჩმა გადაწყვიტა.
გასული სეზონის მსგავსად, თბილისურ კლუბთან კვლავ ითამაშებს მოხვდა "რადნიჩკი": წინა გათამაშებაში, სერბულმა კლუბმა "დინამო" ანგარიშით 14:7, 13:17 დაამარცხა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ქართველი წყალბურთელები ე.წ. "სიკვდილის ჯგუფში" იყვნენ წარმოდგენილები. მათ შორის იყვნენ ზემოთაღნიშნული "ოლიმპიაკოსი" და "ბარსელონეტა". ჯგუფში უკანასკნელი ადგილის დაკავების მიუხედავად, "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა პოზიციურ ნოტზე დაასრულა - ბოლო ორ ტურში, გუნდმა "სპლიტი" და "ოლიმპიაკოსი" (12:11, 14:13) დაამარცხა.
გასული სეზონის ფინალისტი, "ნოვი ბეოგრადი", B ჯგუფშია წარმოდგენილი - სერბული კლუბი "ფერენცვაროშს", "მარსელსა" და "იუგს" დაუპირისპირდება.
კიდევ ვინ ითამაშებს ჯგუფში დინამოსთან ერთად?
A ჯგუფში "დინამოს" კიდევ ორი ევროპული გუნდი შეუერთდება, მათ ვინაობას კი საკვალიფიკაციო რაუნდების დასრულების შემდეგ გავიგებთ.