ტოკიოს გრანდ სლემი | წლის ბოლო შეჯიბრი და მაისურაძის იდეალური შანსი
2024 წლის ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრს - ტოკიოს გრანდ სლემი დახურავს. სიმბოლურია, რომ წლის ბოლო სლემი იქ გაიმართება, სადაც ამ სპორტის სახეობის შექმნასა და განვითარებას ჩაეყარა საფუძველი.
ტოკიოს გრანდ სლემზე 45 ქვეყნის 281 სპორტსმენია რეგისტრირებული, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ შეჯიბრზე 7 წონითი კატეგორიიდან, არცერთის პირველი ნომერი არ იჭიდავებს, თუმცა იაპონიის ნაკრები იმდენად ძლიერი შემადგენლობითაა წარმოდგენილი, რომ მაყურებელს სანახაობა და სილამაზე ნამდვილად არ მოაკლდება.
2024 წლის ტოკიოს გრანდ სლემზე, საქართველოს ნაკრების ღირსებას, ერთადერთი წარმომადგენელი - ლუკა მაისურაძე დაიცავს.
90 კგ წონით კატეგორიაში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი - ლუკა მაისურაძე, IJF-ს ტურს ზუსტად 1 წლის შემდეგ უბრუნდება.
ლუკა მაისურაძეს დოპინგ-კონტროლთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა და 2023 წლის 2 დეკემბრის შემდეგ, IJF-ს შეჯიბრებზე არ უჭიდავია. ლუკამ ბოლოს 2023 წლის დეკემბერში ტოკიოს გრანდ სლემზე იასპარეზა, სადაც ფინალში სანშირო მურაოსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, თუმცა ახლა მას ბევრად მეტი რამ აქვს დასამტკიცებელი, სწორედ ამიტომ, 26 წლის ქართველი მსოფლიო ჩემპიონისგან, ტოკიოს ტატამზე "ცეცხლის დანთებას" ველოდებით.
შეგახსენებთ, რომ ლუკა მაისურაძე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მან ევროპის ჩემპიონატი 2022 წელს სოფიაში მოიგო, მსოფლიო ჩემპიონი კი 2023 წელს დოჰაში გახდა, სადაც ფინალში ლაშა ბექაური დაამარცხა.
ტოკიოს გრანდ სლემი 7-8 დეკემბერს გაიმართება.