Belive

Sportskeeda თოფურიასა და დვალიშვილის ჩემპიონობას წინასწარმეტყველებს

3 თვის წინ სხვა
1 წთ

2024 წელი სულ ახლახან დაიწყო და UFC-ის მაყურებლებს მოუწევთ წლის პირველ ღონისძიებამდე ერთ კვირაზე მეტი მოიცადონ. ახალ წელს ანკალაევისა და უოკერის დაპირისპირება ხსნის, თუმცა, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება სხვაგან არის მიპყრობილი.

პირველი ქართველი, რომელიც 2024 წელს იბრძოლებს რომან დოლიძე იქნება, რომლის მეტოქე ნასურდინ იმავოვია. მათი დაპირისპირება 4 თებერვალს შედგება. თუმცა, არც ეს არის ქართული MMA-ს გულშემატკივრისთვის წლის მთავარი მოვლენა. ყველა 18 თებერვალს ელოდება, სადაც ილია თოფურია საჩემპიონო ქამარზე იბრძოლებს. იმავე საღამოს ვიხილავთ მერაბ დვალიშვილსაც, რომელიც ჰენრი სეხუდოს შეერკინება. ბევრის აზრით, გამარჯვების შემთხვევაში მერაბი საჩემპიონო ბრძოლასაც მიიღებს.

ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემამ Sportskeeda-მ 2024 წლის 5 მოსალოდნელი ჩემპიონი დაასახელა და მათ შორის ილია თოფურია და მერაბ დვალიშვილიც არიან.

სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ 2024 წელში ყველაზე საინტერესო დივიზიონი სუპერმსუბუქი წონა იქნება. ჩემპიონი შონ ო'მალი, რომელმაც ალჯამაინ სტერლინგი დაამარცხა, მის ქამარს მარლონ ვერას წინააღმდეგ დაიცავს.
ამ დაპირისპირებას თავიდანვე დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა. მართალია, "ჩიტოს" "შუგა" დამარცხებული ჰყავს, მაგრამ ვერა რეიტინგში მხოლოდ მე-6 პოზიციას იკავებს.
თუ სიტუაციას რეალურად შევაფასებთ, მარტში ო'მალისთან ბრძოლა ყველაზე მეტად მერაბ დვალიშვილი იმსახურებდა, რომელიც რეიტინგში მე-2 ნომერია. "მანქანას" 9-ბრძოლიანი დაუმარცხებელი სერია აქვს და ამ პერიოდში ჟოზე ალდო და პიოტრ იანი ჰყავს დამარცხებული.
ერთადერთი მიზეზი თუ რატომაც არ იბრძვის ქართველი ქამარზე, მისი სტილია. ამ ყველაფერს მის თანაგუნდელთან - ალჯამაინ სტერლინგთან ჩხუბზე უარიც ემატება.
თუმცა, დვალიშვილს თებერვალში გაბრწყინების შანსი ექნება, სადაც ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. მისი ჭიდაობიდან გამომდინარე მერაბს Triple C-სთან დიდი გამოცდა ელის. თუ დვალიშვილი სეხუდოს დაამარცხებს, მან უდავოდ უნდა მიიღოს საჩემპიონო ბრძოლა. რთული წარმოსადგენია, რომ ვერას ან ო'მალის მისი შეჩერება შეუძლია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მერაბ დვალიშვილი UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ახალ ჩემპიონად მოიაზრება. - წერს Sportskeeda
ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა თებერვალში შედგება, სადაც ალექსანდრ ვოლკანოვსკი ილია თოფურიას დაუპირისპირდება. ის ფაქტი, რომ "მატადორი" საჩემპიონო ქამარზე იბრძვის, უკვე საკმარისია, რომ მომავალ ჩემპიონად მოვიაზროთ. თუმცა, არსებობს უფრო მეტი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლი 2024 წელს ჩემპიონი გახდება.
პირველი - ის საოცარი მებრძოლია, დაუმარცხებელი რეკორდი აქვს - 14-0, UFC-ში მან ბრაის მიტჩელისა და ჯოშ ემეტის დამარცხება შეძლო. ძლიერ დარტყმებთან ერთად ილიას ძალიან კარგი ჭიდაობა და მიწაზე საოცარი უნარები აქვს. ის ძალიან ძლიერია.
მეორე - (ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი) ეს კითხვა სამართლიანი იქნება, სად არის ახლა ვოლკანოვსკის თავი? ალექსი ქვემსუბუქ წონაში უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლია. მაგრამ ბოლო ბრძოლაში ძალიან მძიმე ნოკაუტით დამარცხდა. ამ ყველაფერთან ერთად ავსტრალიელი 35 წლის არის. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ასაკიანი მებრძოლები სატიტულო ბრძოლებში კარგად ვერ გამოიყურებიან. - წერს Sportskeeda

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ილიას მომავალი ბრძოლა საჩემპიონო ქამრისთვის ექნება. თოფურია ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება. მათი ბრძოლა 18 თებერვალს შედგება და საღამოს მთავარი ბრძოლაც იქნება. აქვე იმასაც გეტყვით, რომ იმავე ღონისძიებაზე იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომლის მოწინააღმდეგე ჰენრი სეხუდო გახლავთ.

სხვა სტატიები