Belive

რა თანხას გამოიმუშავებენ MMA-ის მებრძოლები?

3 წლის წინ სხვა
4 წთ
რა თანხას გამოიმუშავებენ შერეული საბრძოლო ხელოვნების მებრძოლები - ეს კითხვა ხშირ შემთხვევაში ისმის და ზუსტი პასუხის პოვნა რთულია, რადგან მებრძოლთა ანაზღაურება, რიგ შემთხვევებში, არ საჯაროვდება. NBA-ში, სპორტსმენთა ანაზღაურება საჯარო ინფორმაციაა. მაგალითად, მარტივად შეგვიძლია დავადგინოთ, რომ ლებრონ ჯეიმსის ანაზღაურება 2019-20 წლების სეზონში $37.4 მილიონს შეადგენდა. MMA-ში კი სხვა ვითარებაა - სპორტთან დაკავშირებული გარკვეული ფინანსური ასპექტებიდან გამომდინარე, ფინანსური დეტალები ხშირად დამალულია. რატომ არის ინფორმაციის მოპოვება რთული? - იმიტომ რომ გასაჯაროვებული, ოფიციალური რიცხვების გარდა, სპორტსმენები დამატებით, სხვა ანაზღაურებასაც იღებენ. როგორებიცაა სასპონსორო ხელშეკრულებები, მაყურებლების რაოდენობიდან დაანგარიშებული ანაზღაურება, ბონუსები და ა.შ. შესაბამისად, სპორტსმენის ანაზღაურება შეიძლება იყოს როგორც დამაკმაყოფილებელი, ასევე კოლოსალურიც. ამ სტატიაში მულტიმილიონერი სპორტსმენების შესახებ არ მოგიყვებით, არამედ დაგანახებთ სურათს, თუ რა ხდება ზოგადად MMA-ის სამყაროში.
MMA-ის მებრძოლთა ანაზღაურებასთან დაკავშირებით, სპორტული მოვლენების გამშუქებელმა ვებგვერდმა, The Athletic, კვლევა ჩაატარა. კვლევაში 170-მა მებრძოლმა მიიღო მონაწილეობა, რომელთა ანაზღაურება $2000-დან იწყებოდა და ათობით მილიონამდე ადიოდა.

ცხადია, ბრძოლის დასრულების შემდეგ, MMA-ის მებრძოლებს მიღებული თანხა სრულად არ რჩებათ - ისინი მიღებულ ჰონორარს ანაწილებენ - თანხა სჭირდება დამხმარე გუნდს, მწვრთნელს, ან სულაც, სავარჯიშო დარბაზს. როგორც Athletic-მა დაადგინა, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, გამარჯვებულ მებრძოლს მოგებული თანხის 60% რჩება. ამას ემატება ჯანსაღი კვების, საჭირო ნუტრიენტებისა და გადაადგილების ხარჯები. "უმეტესად, მებრძოლებს 3 მწვრთნელი ჰყავთ. UFC თანხას მებრძოლსა და მის 1 მწვრთნელს აძლევს, დანარჩენ ორზე, ცხადია მებრძოლი ზრუნავს. ეს ძალიან ძვირადღირებული სპორტია, ხანდახან მოგებული თანხა ხარჯების დასაფარადაც კი არ არის საკმარისი," აღნიშნა UFC-ის ერთ-ერთმა  მებრძოლმა. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ 4 ხარჯზე, რომლის გაღებაც მებრძოლს უწევს - დამხმარე გუნდის ანაზღაურება, მწვრთნელის/მწვრთნელების ანაზღაურება, კვება და გადაადგილება. თუმცა არ უნდა გამოგვრჩეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც შემოსავლებზე მნიშვნელოვნად აისახება: საშემოსავლო გადასახადები. ხშირ შემთხვევაში, მებრძოლებს გადასახადების გადახდა არამარტო იმ ქვეყნისთვის/შტატისთვის უწევთ, რომელსაც წარმოადგენენ, არამედ ასევე იმ ქვეყნისთვის/შტატისთვის, სადაც ბრძოლა იმართება.
"ბრძოლა სხვა ქვეყანაში ჩატარდა, გავიმარჯვე და $65,000 გამოვიმუშავე. გადასახადის სახით, ჯერ $17,000-ის გაღება მომიწია, შემდეგ კი აშშ-ში დამატებით თანხა გადამახდევინეს. საბოლოოდ, $20,000 დამრჩა," ამბობს ერთ-ერთი მებრძოლი. ბოლო ბრძოლაში, $20,000 გამოვიმუშავე და ბონუსის სახით დამატებით $20,000 ჩამერიცხა. Reebok-მა $5,000 მომცა, ანუ ჯამში $45,000 გამომივიდა. თუმცა, სანამ ფული ავიღე, 37% გადასახადებში წავიდა, შემდეგ 20% მწვრთნელებსა და სავარჯიშო დარბაზს გავუყავი. შემდეგ ფული ჩემს ეროვნულ ვალუტაში გადავახურდავე და შედეგად, ჯამური თანხის დაახლოებით 40% დამრჩა," აღნიშნა კიდევ ერთმა მებრძოლმა.
საპირისპიროდ, კვლევის პროცესში ისიც გაირკვა რომ არსებობენ მებრძოლები, რომლებსაც მოგებული თანხის 93% დარჩენიათ. ცხადია, სპორტის ამ სახეობაში ვარკსვლავებიც გვხვდებიან, რომლებიც მულტიმილიონიან ბრძოლებში იღებენ მონაწილეობას. თუმცა საერთო შედეგებით, MMA-ის მებრძოლთა ანაზღაურების საკითხი კვლავ ბუნდოვანი რჩება - ის მუდამ ინდივიდუალურ მოლაპარაკებაზეა დამყარებული და რაც მთავარია, არაერთ დამატებით ხარჯთან არის დაკავშირებული. ყველაზე ნათლად ეს საკითხი ერთ-ერთმა მებრძოლმა ახსნა: "სახლში გაცილებით ნაკლები ფული მიგვაქვს, ვიდრე ეს გულშემატკივარს ჰგონია."  

სხვა სტატიები