პარიზის გრანდ სლემი | ქართველების საშეჯიბრო ბადეები ცნობილია!
7 თებერვალს პარიზში ძიუდოს პრესტიჟული გრანდ სლემი აიღებს სტარტს, სადაც მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს.
ჩვენი გუნდი ტურნირზე 10 ძიუდოისტით გამოვა. დღეს გამართული წილისყრის შემდეგ გაირკვა საშეჯიბრო ბადეები, სადაც ქართველებს მოუწევთ ასპარეზობა.
66 კგ-ში ორი მონაწილით ვიქნებით წარმოდგენილი - შარშანდელი ტურნირის ბრინჯაოსმედალოსანი, ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობას ბრიტანელ ჩარლი იანგთან შეხვედრით დაიწყებს, გამარჯვების შემთხვევაში კი აშშ-ს წარმომადგენელ არი ბერლინერს დაუპირისპირდება. მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში ვაჟას მეტოქე შესაძლოა მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იაპონელი ტაკეში ტაკეოკა იყოს.
ბადის მეორე მხარესაა თორნიკე გიგაური. ახალგაზრდებში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დიდებში პირველად გამოვა და საწყის ეტაპზე ჰონგ კონგის წარმომადგენელს ვინგ იატ იეუნგს შეხვდება, აქ გამარჯვების შემთხვევაში კი მისი მეტოქე ჩინელი ჟანგ ხუე იქნება.
73 კგ-ში ლაშა შავდათუაშვილი და გიორგი ჩიხელიძე იასპარეზებენ. შავდათუაშვილი პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი გვინეა-ბისაუელ ჟოაო ეუკლიდეს ლოპესსა და ყაზახ დასტან შაიახმეტოვს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ბადის ზედა მხარესაა გიორგი ჩიხელიძე, რომელიც ესპანეთის წარმომადგენელ ანტონ შუჰალიევს პირველივე წრეში შეხვდება.
2025 წელს ლუკა მაისურაძე პარიზის გრანდ სლემის ვერცხლისმედალოსანი გახდა
81 კგ-ში ზაზო დვალაშვილსა და კოტე კაპანაძეს ვიხილავთ ტატამიზე. დვალაშვილი განთესილია და პირველ წრეში ისვენებს, მეორეში კი ანგოლელ ანტონიო კანდეიროსა და იაპონელ იოშიტო ჰოჯოს შორის გამარჯვებულს შეხვდება. მის ბადეში გამოსაყოფია მოლდოველი ვიქტორ სტერპუ, რომელიც 2020 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა.
კოტე კაპანაძე პირველ წრეში გაბონელ ფერნანდ ნკეროს შეხვდება, გამარჯვების შემთხვევაში კი ემირატების წარმომადგენელ, გაჯიმურად ომაროვს დაუპირისპირდება.
ერთი წარმომადგენელი გვეყოლება 90 კგ-ში - ლუკა მაისურაძეს საკმაოდ რთული ბადე შეხვდა, მისი პირველი მეტოქე, იაპონელი ჰიდეტოში ტოკუმუჩი იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი შესაძლოა კორეელი ჯაემინ კიმისა ან ნიდერლანდელი ფრანკ დე ვიტის წინაღობის გადალახვა მოუწიოს. ბადის ამავე მხარეშია ფრანგი მაქსიმ-გაელ ნგაიაპ ჰამბუც.
100 კგ-ში ნიკა ხარაზიშვილი იასპარეზებს - მისი მეტოქე საწყის ეტაპზე 20 წლის სერბი, ლაზარ ზდრალე იქნება, გამარჯვების შემთხვევაში კი ტიტულოვან კუბელს, ივან ფელიპე სილვა მორალესს შეხვდება.
მძიმე წონაში ორი მონაწილე გვეყოლება - ირაკლი დემეტრაშვილი ტაიპეელ იუ-მინგ დაისთან შეხვედრით დაიწყებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფრანგ ამადუ მეიტესა და ავსტრიის წარმომადგენელ მოვლი ბორჩაშვილს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. ბადის ამავე მხარესაა იაპონელი ჰიოგა ოტაც.
ბადის ქვედა მხარესაა საბა ინანეიშვილი, რომელის ტურნირს ხამზატ საპარბაევთან შეხვედრით გახსნის. მისი მომდევნო სავარაუდო მეტოქე 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისმედალოსანი მინიონგ კიმი იქნება.
2025 წელს საქართველოს ნაკრებმა პარიზის გრანდ სლემზე 2 მედალი მოიპოვა (ბრინჯაო - ვაჟა მარგველაშვილი, ვერცხლი-ლუკა მაისურაძე), საერთო ჩათვლაში პირველი ადგილი მასპინძლებმა დაიკავეს (3 ოქრო, 3 ვერცხლი, 9 ბრინჯაო).
ტურნირი 7-8 თებერვალს პარიზის "აკორ არენაზე" გაიმართება.