პაკიაომ კარიერა დაასრულა | ლეგენდა ფილიპინების პრეზიდენტობისთვის ემზადება
2 წლის წინ
სხვა
3 წთ
"საფინალო ზარის ხმა გავიგე. არასდროს დამავიწყდება, თუ რას მივაღწიე ცხოვრებაში", - განაცხადა მენი პაკიაომ.ფილიპინელმა მებრძოლმა ფანებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს. მენი პაკიაო ფილიპინების ერთ-ერთი გავლენიანი პარტიის (PDP-Laban) წევრი და სენატორია. აღსანიშნავია, რომ თანაგუნდელების შემოთავაზებას მოკრივე სიამოვნებით დათანხმდა და განაცხადა, რომ ფილიპინელ ხალხს ცვლილებები სურს.
“მებრძოლი ვარ და ყოველთვის ვიქნები – მნიშვნელობა არ აქვს რინგზე, თუ მის მიღმა. ჩემი ცხოვრების მანძილზე, ბრძოლისთვის თავი არასდროს ამირიდებია. გვჭირდება მთავრობა, რომელიც ხალხის კეთილდღეობისათვის თავდაუზოგავად იშრომებს”, – აღნიშნა მენი პაკიაომ.წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, სიტყვით გამოსვლის დროს, მენი პაკიაო კორუფციაში მხილებულ სახელმწიფო მოხელეებს დაემუქრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ისინი კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან. თავდაპირველად მენი პაკიაო პრეზიდენტ როდრიგო დუტერტეს აქტიური მოკავშირე იყო. სახელოვანი მოკრივე პრეზიდენტის ბრძანებით, ნარკომანიის წინააღმდეგ წარმოებულ მკაცრ და სისხლიან პოლიტიკას მხარს უჭერდა და ემხრობოდა ნარკოდანაშაულში მხილებული ადამიანების სიკვდილით დასჯას. პაკიაოსა და დუტერტეს პოლიტიკური გზები მალევე გაიყო. პაკიაომ დუტერტე ჩინეთთან მეგობრული ურთიერთობებისა და ხელისუფლებაში არსებული კორუფციის გამო გააკრიტიკა. მენი პაკიაოს პოლიტიკური საქმიანობა 2007 წლიდან იღებს სტარტს. 2010 წელს პაკიაომ კონკგრესის ქვედა პალატაში შესვლა შეძლო, სადაც სამხრეთ სარანგანის პროვინციის ინტერესებს იცავდა. 2016 წელს პაკიაო სენატის წევრად აირჩიეს და 6-წლიანი მანდატი მისცეს. სენატორის რანგში, ფუნდამენტალისტმა ქრისტიანმა პაკიაომ უკანონო ნარკორეალიზაციაში დამნაშავედ ცნობილი პირების სიკვდილით დასჯას მხარი დაუჭირა. პაკიაომ საჯაროდ განაცხადა, რომ პირები, რომელთაც ნარკოდანაშაულში ბრალი დაუდასტურდებათ, საჯაროდ უნდა დახვრიტონ. პაკიაოს კრიტიკის ქარცეცხლი ადამიანის უფლებების დამცველ ჯგუფებსაც დაატყდა - მოკრივემ განაცხადა, რომ ფილიპინელი LGBT პირები "ცხოველებზე უარესები არიან".