ოფიციალურად - პრემიერ ლიგის მე-7 ტური გადაიდო!
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, დედოფალ ელისაბედ მეორეს გარდაცვალების გამო, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-7 ტური გადაიდო.
"დილით გამართულ შეხვედრაზე, პრემიერ ლიგის კლუბებმა მის უდიდებულესობას - დედოფალ ელისაბედ მეორეს პატივი მიაგეს. მისი ექსტრაორდინალური ცხოვრების პატივსაცემად, ასევე იმ ღვაწლისათვის, რომელიც დედოფალს ჩვენი ქვეყნის წინაშე მიუძღვის და როგორც უბრალოდ პატივისცემის ჟესტი - პრემიერ ლიგის მე-7 ტურის მატჩები, მათ შორის ორშაბათს საღამოს გასამართი დაპირისპირება გადაიდო", - აღნიშნულია პრემიერ ლიგის განცხადებაში.
შეგახსენებთ, მისი უდიდებულესობა - დედოფალი ელისაბედ მეორე 8 სექტემბერს, 96 წლის ასაკში, ბალმორალის სამეფო რეზიდენციაში გარდაიცვალა.
პრემიერ ლიგის წარმომადგენლების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. პირს მორგანის მტკიცებით, სპორტული ღონისძიებები არ უნდა გადადებულიყო, რადგან ეს არის ერთ-ერთი ბრწყინვალე შესაძლებლობა, როდესაც ადამიანები სოლიდარობას იჩენენ და სტადიონებზე მისული პუბლიკა დედოფალს საკადრის პატივს მიაგებდა.
პირს მორგანს გარი ნევილიც ეთანხმება და აღნიშნავს, რომ სტადიონებზე მისული გულშემატკივრები ეროვნული ჰიმნის შესრულებით, დედოფალს ღირსეულად დაემშვიდობებოდნენ.