Belive

ოლიმპიადა იწყება | ტატამზე გიორგი სარდალაშვილს ვიხილავთ - პრევიუ

3 თვის წინ სხვა
3 წთ

27 ივლისს, დილის 12:00 საათიდან, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდო დაიწყება.

პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამზე მამაკაცებიდან 60, ხოლო ქალებიდან 48 კგ წონითი კატეგორიები იასპარეზებენ, შესაბამისად, საქართველოს ნაკრების ღირსებას ოლიმპიური დებიუტანტი და მოქმედი მსოფლიოს ჩემპიონი - გიორგი სარდალაშვილი დაიცავს.

მოდით, დეტალურად განვიხილოთ 60 კგ წონითი კატეგორია.

60 კგ

როგორც უკვე აღვნიშნეთ, 20 წლის გიორგი სარდალაშვილისთვის პარიზის ოლიმპიადა სადებიუტო იქნება. იგი შეჯიბრს დიდებულ ფორმაში და ბრწყინვალე განწყობით ხვდება, რადგან სულ რაღაც 2 თვის წინ, მან მსოფლიო ჩემპიონობა და მინიმუმ 1 წლით, წითელი არშია მოიპოვა.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სარდალაშვილს წილისყრაში საკმაოდ გაუმართლა. გამართლება, არ გამართლებაზე საქმე არ არის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ოლიმპიურ თამაშებზე ვსაუბრობთ, თუმცა კარგია ის ფაქტი, რომ უძლიერესი ფალავნები, როგორებიც ესპანელი - ფრანცისკო გარიგოსი და იაპონელი- რიუჯუ ნაგაიამა არიან, ორივე ერთ ბადეში მოხვდნენ და ფინალამდე ქართველ მეტოქეს ვერცერთი ვერ შეხვდება.

ახლა კი რაც შეეხება გიორგი სარდალაშვილს, 20 წლის მსოფლიო ჩემპიონი ასპარეზობას C ბადეში იწყებს და განთესილი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან ერთვება და პირველ რაუნდს გამოტოვებს.

სარდალაშვილის მეტოქე, კონგოელ - არნოლდ კისოკასა და ისრაელის წარმომადგენელ - იამ ვოლჩაკს შორის გაირკვევა, მათში გამარჯვებული კი 20 წლის ქართველის მეტოქე, მეორე რაუნდში იქნება.

ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც გიორგის შესაძლოა ბადეში და თანაც 1/4-ფინალში შეხვდეს, 23 წლის თურქი - სალიჰ ილდისია, რომელსაც კარიერულად დიდი მიღწევები არ აქვს, თუმცა იგი ევროპის ჩემპიონატის მოქმედი ბრინჯაოსმედალოსანია.

იმ შემთხვევაში, თუკი გიორგი სარდალაშვილი საკუთარ C ბადეს მოიგებს, 1/2-ფინალში იასპარეზებს, სადაც მისი სავარაუდო მეტოქეები, წარმოშობით ქართველი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე - ლუკა მხეიძე და აზერბაიჯანელი - ბალაბაი აღაიევი იქნებიან.

თავის მხრივ, D ბადეში სწორედ ზემოთაღნიშნული ძიუდოისტები იქნებიან ფავორიტები და სავარაუდოა, რომ 1/4-ფინალში სწორედ ფრანგულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება ვიხილოთ.

წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი კი 18:00 საათიდან დაიწყება.

სხვა სტატიები