Belive

ოლიმპიადა 2024 | ქართველი ძიუდოისტების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები ცნობილია

4 თვის წინ სხვა
7 წთ

პარიზის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 24 საათზე ოდნავ მეტია დარჩენილი.

26 ივლისიდან 11 აგვისტოს ჩათვლით, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს, რომელშიც საქართველო 28 სპორტსმენით წარდგება.

27 ივლისიდან ასპარეზობაში ძიუდოისტები ჩაერთვებიან, 3 აგვისტოს კი ძიუდოს, გუნდური პირველობა დახურავს.

სულ ახლახანს წილისყრა ჩატარდა, სადაც ქართველი ძიუდოისტების საშეჯიბრო ბადეები და სავარაუდო მეტოქეები გაირკვა.

მოდით, დეტალურად გავყვეთ და განვიხილოთ თითოეული წონითი კატეგორია.

60 კგ

60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების წარმომადგენელი, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, 20 წლის - გიორგი სარდალაშვილი იქნება.

სარდალაშვილი C ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ისრაელის წარმომადგენელ - იამ ვოლჩაკსა და კონგოელ - არნოლდ კისოკას შორის გამარჯვებული იქნება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გიორგი სარდალაშვილი ძალიან კარგ ბადეში მოხვდა და 1/4-ფინალამდე მას ნაკლებად ძლიერი მეტოქეები ჰყავს, 1/4-ფინალში მისი სავარაუდო მეტოქე, თურქი - სალიჰ ილდიზი იქნება, 1/2-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, მისი სავარაუდო მეტოქე, ლუკა მხეიძესა და ბალაბაი აღაიევს შორის გამარჯვებული იქნება.

66 კგ

66 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ, მოქმედი ევროპის ჩემპიონი და ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი - ვაჟა მარგველაშვილი იჭიდავებს.

ბადეში ასევე გაუმართლა ქართველ სპორტსმენს. იგი C ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ფრანგ - ვალიდ ხიარსა და ლტოლვილთა ოლიმპიური გუნდის წარმომადგენელ - მოჰამად რაშნონეჟადის შორის გამარჯვებული იქნება.

ვაჟა მარგველაშვილს ბადეში ყველაზე ძლიერი მეტოქე, სამხრეთ კორეელი - ბაულ ანი ჰყავს, რომელსაც მხოლოდ 1/4-ფინალში შეხვდება.

1/2-ფინალში კი ვაჟას სავარაუდო მეტოქე, მონღოლელი - ბაშხუ იონდონპერენლეია, რომელიც D ბადეშია განთესილი.

73 კგ

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, ლეგენდარული სპორტსმენი, 3-გზის ოლიმპიური მედალოსანი - ლაშა შავდათუაშვილი დაიცავს.

სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილი C ბადეში განთესილი არ არის და მას ბადეში, იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო ჰყავს.

ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან იწყებს, სადაც ფრანგ - ჟოან-ბენჟამინ გაბას დაუპირისპირდება. ფრანგი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, შავდათუაშვილი ტანზანიელ და სამოელ სპორტსმენებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. 1/4-ფინალში კი მისი მეტოქე, იაპონელი - სოიჩი ჰაშიმოტო იქნება.

81 კგ

ეს სწორედ ის წონითი კატეგორიაა, რომლიდანაც სრულიად საქართველო ოქროს მედალს ელოდება.

81 კგ-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას, მსოფლიოსა და ევროპის მოქმედი ჩემპიონი (3-გზის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი) - ტატო გრიგალაშვილი დაიცავს.

ტატო გრიგალაშვილი C ბადეში ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, მოლდოველი - მიჰაილ ლატისევი იქნება. მოლდოვური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ტატო, ავსტრიის სახელით მოასპარეზე - ვაჩდ ბორჩაშვილს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია ის ფაქტი, ამ წონითი კატეგორიის ლიდერები - მატიას კასე, ვედატ ალბაირაქი და ტაკანორი ნაგასე, სამივე მათგანი A ბადეში ასპარეზობენ.

90 კგ

ამ წონით კატეგორიაში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი - ლაშა ბექაური გვყავს, რომლის კარიერული მიზანიც 4-გზის ოლიმპიური ჩემპიონობაა.

ბექაური მეორე ოქროს მედალს პარიზში შეუტევს. ლაშა A ბადეში განთესილია, შესაბამისად ასპარეზობას მეორე ეტაპიდან იწყებს, სადაც მისი მეტოქე, ბულგარელ - ივაილო ივანოვსა და ლიბანელ - კარამნობ საგაიპოვს შორის გამარჯვებული იქნება.

ძიუდოს ექსპერტების აზრით, ლაშა ბექაური ფინალამდე საკმაოდ მარტივად უნდა მივიდეს.

100 კგ

100 კგ წონით კატეგორიაში, სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს - ილია სულამანიძე.

უნდა აღინიშნოს, რომ სულამანიძეს წილისყრაში არ გაუმართლა. ილია C ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს, სადაც ხორვატ - ზლატკო კუმრიჩსა და იტალიელ - ჯენარო პირელს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/8-ფინალში გასვლის შემთხვევაში კი, მისი სავარაუდო მეტოქე, 2-გზის მსოფლიო ჩემპიონი, პორტუგალიელი - ჟორჟ ფონსეკა იქნება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ილია სულამანიძეს ბადეში ჟორჟ ფონსეკას გარდა, იაპონელი - აარონ ვულფიც ჰყავს.

+100 კგ

მძიმე წონაში, ჩვენი წარმომადგენელი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მოქმედი ოლიმპიური ვერცხლისმედალოსანი - გურამ თუშიშვილი იქნება.

თუშიშვილი D ბადეში განთესილია, ასპარეზობას მეორე ეტაპიდან დაიწყებს და სენეგალელ - მბაგნიკ ნდიაესა და გვინეა ბისაუელ - ბუბუკარ მანეს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

1/4-ფინალში კი მისი მეტოქე, ლეგენდარული - ტედი რინერი იქნება.

57 კგ

57 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს დროშის ქვეშ - ეთერ ლიპარტელიანი იჭიდავებს.

ეთერი D ბადეში განუთესავია, ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ერთვება და მისი მეტოქე, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი - ლელე ნაირნე იქნება.

ბრიტანული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში ლიპარტელიანი, უზბეკ - შუკურჯონ ამინოვასა და კოტ დივუარელ - ზულეია აბზატაა დაბონეს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

იმ შემთხვევაში თუ ეთერ ლიპარტელიანი 1/4-ფინალამდე მივა, მისი სავარაუდო მეტოქე, ბრაზილიელი ოლიმპიური ჩემპიონი - რაფაელა სილვა იქნება.

63 კგ

63 კგ წონით კატეგორიაში სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს - ეთერ ასკილაშვილი.

ეთერი C ბადეში განუთესავია და ასპარეზობას პირველივე ეტაპიდან, სლოვენიელი - ანდეია ლესკის წინააღმდეგ იწყებს. სლოვენიური ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი, ეთერ ასკილაშვილი, ვენესუელელ - ანრიქუელს ბარიოსსა და ალჟირელ - ამინა ბელკადს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

+78 კგ

ასევე სადებიუტო ოლიმპიურ თამაშებზე მიდის - სოფიო სომხიშვილი.

სოფიოს წილისყრაში ძალიან არ გაუმართლა, რადგან იგი ურთულეს ბადეშია მოხვედრილი.

სომხიშვილი ასპარეზობას A ბადეში, გერმანელი - რენე ლუჩის წინააღმდეგ იწყებს, მისი დამარცხების შემთხვევაში კი, სოფიოს მეტოქე, უძლიერესი ფრანგი - რომან დიკუ იქნება, რომელიც 4-გზის ევროპის ჩემპიონი, ერთგზის მსოფლიოს ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს პრიზიორია.

სხვა სტატიები