Belive

მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა

11 თვის წინ სხვა
2 წთ

7 მაისიდან 14 მაისის ჩათვლით კატარის დედაქალაქი - დოჰა ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს.

დღეს გამართულ წილისყრაზე ქართველი ძიუდოისტების მეტოქეები გაირკვა:

პირველ საჭიდაო დღეს ტატამიზე გიორგი სარდალაშვილი გამოვა (-60კგ), რომელიც მეორე რაუნდში სიმონ ზულუს (ზამბია) შეხვდება.

-66-კილოგრამ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი ასპარეზობას მეორე რაუნდიდან დაიწყებს და მისი მეტოქე ოსკარ პერტელსონსა (ფინეთი) და მარტინ სეცს (გერმანია) შორის გამარჯვებული იქნება.

-73-კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ასევე თავისუფალია, მეორე რაუნდში კი ჰასან დუკალის (მაროკო) ან სოიჩი ჰაშიმოტოს (იაპონია) შეხვდება.

-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ტატო გრიგალაშვილი მეორე რაუნდში მიჰაილ ლატისევსა (მოლდოვა) და აშრაფ მოუტის (მაროკო) წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

-90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი იასპარეზებს. ლაშა ბექაური მეორე რაუნდში კომრონსოხ უსტოპირიონს (ტაჯიკეთი) ან ნოა უალისს (ახალი ზელანდია) შეხვდება. ლუკა მაისურაძის მეტოქე კი ასევე მეორე რაუნდში როლანდ გოზსა და ალტანბაგანა განტულგას შორის მოგებულს შეხვდება.

ორი ქართველი იასპარეზებს -100 კილოგრამ წონით კატეგორიაშიც. ილია სულამანიძე მეორე რაუნდში ჯაფარ კოსტოევს (ემირატები) ან გონჩიგსურენ ბათხუაგს დაუპირსპირდება. ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე კი ავტარ სინგჰი (ინდოეთი) ან ეშლი გონსალესი (რუმინეთი) იქნება.

100+ კილოგრამ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის პირველი მეტოქე შოხრუკხონ ბახტიოროვი (უზბეკეთი) იქნება. ქართველი ძიუდოისტის ბადეშია ტედი რინერი.

საქართველოს ქალთა შორის 3 წარმომადგენელი ეყოლება. ეთერ ლიპარტელიანი (57კგ) მეორე რაუნდში მა ბანგურას (გვინეა) ან ქი ჩაის (ჩინეთი) შეხვდება, ეთერ ასკილაშვილი (63კგ) პირველ რაუნდში დიასონემა მუსუნგის (ანგოლა) დაუპირისპირდება, სოფიო სომხიშვილის (+78კგ) მეტოქე კი ლინგ ფანგ ჩანგი (ტაიპეი) ან კინგა ვოლშაკი (პოლონეთი) იქნება.

გუნდური შეჯიბრების პირველ რაუნდში საქართველოს ნაკრები მონღოლეთს დაუპირისპირდება.

სხვა სტატიები