Belive

მიოჩიჩი | მზად ვარ ოქტაგონი რინგზე გავცვალო და ჯოშუას ან ფიურის შევებრძოლო

3 წლის წინ სხვა
4 წთ
UFC-ის მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონი და ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი - სტიპე მიოჩიჩი, მზადაა ოქტაგონი რინგით ჩაანაცვლოს და სახელოვან ენტონი ჯოშუას ან ტაისონ ფიურის დაუპირისპირდეს. გულშემატკივართა ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ 38-წლის მძიმეწონოსანმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, მაგრამ მის შედეგებსა და კრივთან კავშირს თუ გავითვალისწინებთ, მიოჩიჩისა და ჯოშუა/ფიურის დაპირისპირება უტოპიას სულაც არ წარმოადგენს. 28 მარტს, თბილისის დროით 03:00 საათზე, მიოჩიჩი მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტულის დაცვას და ფრენსის ნგანუს მეორედ დამარცხებას შეეცდება. 2018 წლის 21 იანვარს, 5-რაუნდიან ბრძოლაში, მიოჩიჩმა ნგანუ დაამარცხა, თუმცა მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და დღეისათვის ნგანუს დამარცხება გაცილებით დიდ სირთულეს წარმოადგენს. მიოჩიჩი, რომელსაც ისეთი სახელოვანი მეტოქეები ყავს დამარცხებული, როგორიცაა: კორმიე, ნგანუ, დოს სანტოსი, ოვერემი და ვერდუმი UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ჩემპიონად თავისუფლად შეიძლება მივიჩნიოთ. ასევე აღსანიშნავია, რომ სტიპე მიოჩიჩს კრივთან საკმაოდ კარგი დამოკიდებულებ აქვს - ახალგაზრდულ ასაკში მიოჩიჩი კრივით აქტიურად იყო დაკავებული და პრესტიჟული "US Golden Gloves"-ის ტიტულსაც დაეუფლა.
Untitled

ESPN-ის ჟურნალისტი შეეცადა გაერკვია, რატომ სურს მიოჩიჩს ჯოშუა/ფიურისთან, ოქტაგონის ნაცვლად, რინგზე დაპირისპირება. დასმულ კითხვას მიოჩიჩმა საინტერესო პასუხი გასცა:
"რადიკალურად განსხვავებული დაპირისპირებაა - კრივში ყველაფერი ტექნიკაზეა დამოკიდებული. შეიძლება ითქვას, რომ კრივის წესებით ჯოშუასთან ან ფიურისთან დაპირისპირება, გაცილებით უფრო სამართლიანი იქნება. კრივშიც და MMA-შიც ფეხზე მდგარი ვიბრძვით, თუმცა შერეულ საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) ფეხით დარტყმის მიყენებისა და ბრძოლის პარტერში გადაყვანის (თეიქდაუნი) შესაძლებლობა გვაქვს - კრივში ამ მეთოდებს არ იყენებენ."
მიოჩიჩის მხრიდან, რომელიც ჭიდაობით, დარტყმებითა და თეიქდაუნებითაა ცნობილი, საკუთარ უპირატესობებზე უარის თქმა და კრივის ბრიტანელ ფლაგმანებთან კრივის წესებით დაპირისპირება, ნამდვილად დასაფასებელი და საგმირო საქმიანობაა. ასევე აღსანიშნავია, რომ ენტონი ჯოშუა და ტაისონ ფიური დროდადრო შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმართ ინტერესს იჩენენ. განსაკუთრებულ ინტერესს ფიური იჩენს, რომელმაც MMA-ის მებრძოლებთან ერთად, არაერთი ვარჯიში გამართა. დაგროვებული ცოდნისა და გამოცდილების მიუხედავად, სტიპე მიოჩიჩი შესაძლოა იგივე გამოწვევის წინაშე დადგეს, როგორშიც კონორ მაკგრეგორი აღმოჩნდა, რომელიც 2017 წელს კრივის წესებით, ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერს დაუპირისპირდა. ოქტაგონზე მოწინააღმდეგესთან დარტყმების გაცვლისგან განსხვავებით, კრივის წესებით რინგზე დაპირისპირება სრულიად განსხვავებულ ტექნიკასა და შესაძლებლობებს საჭიროებს. ნებისმიერ შემთხვევაში, მიოჩიჩმა პირველ რიგში კონცენტრირება ფრენსის ნგანუს წინააღმდეგ გასამართ ბრძოლაზე უნდა მოახდინოს, რომელზეც მძიმე წონითი კატეგორიის ჩემპიონის ტიტული დევს. მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს მიოჩიჩმა ნგანუ დაამარცხა - დღეისათვის მისი ოპონენტი გაცილებით უფრო ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

"პირველ დაპირისპირებასთან შედარებით, რადიკალურად განსხვავებული ბრძოლის მოლოდინი მაქვს. დღეისათვის ნგანუ და მე გაცილებით უკეთესები ვართ. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება - შევეცდები დომინირება მოვიპოვო და ბრძოლა გაცილებით უფრო მალე დავასრულო, თუმცა ნგანუ დღეს გაცილებით უფრო ძლიერია. ნგანუს ბრწყინვალე დარტყმა აქვს, ეს კი მძიმე წონითი დივიზიონია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ნგანუს დიდებული მწვრთნელი და გუნდი ჰყავს", - აღნიშნა მიოჩიჩმა.
ასევე იხილეთ: ჯოშუა Vs. ფიური | ეპოქალური ბრძოლის კონტრაქტს ხელი მოეწერა

სხვა სტატიები