"მერაბის ფეხში შესვლების დაცვა ადვილი არ არის" - ტიმ ველჩი
მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლამდე სულ რაღაც 5 დღე დარჩა. მეტოქე შონ ო'მალია, რომელსაც ქართველი "მანქანა" 2018 წლიდან იწვევს. ამ ორმა მებრძოლმა ერთმანეთის შესახებ ძალიან ბევრი იცის და ერთმანეთის ჩხუბები არაერთხელ უნახავთ. თუმცა, ახლა ყველაფერი სხვანაირად არის. როცა ორი მებრძოლი ერთმანეთს უპირისპირდება, სამწვრთნელო შტაბთან ერთად მოწინააღმდეგის ჩხუბებს დეტალურად განიხილავენ.
ბუნებრივია, რომ მერაბიც და ო'მალიც იმავეს აკეთებენ. "შუგას" მწვრთნელმა ტიმ ველჩმა დვალიშვილის ბოლო ბრძოლა დეტალურად გაარჩია. ჰენრი სეხუდოსთან მოგებული ჩხუბიდან ველჩმა ასეთი დასკვნა გამოიტანა:
ეს ბრძოლა აშკარად ცალმხრივი იყო. კარგად გამოჩნდა თუ რატომ ეძახიან მერაბს "მანქანას". ბრძოლისას დონეებს კარგად ცვლიდა, ძლიერად ურტყამდა და შესანიშნავი ტაიმინგიც ჰქონდა. როგორც კი ძლიერი დარტყმებით წინ წასვლას გადაწყვეტ, ის მაშინვე შენს ფეხზე აღმოჩნდება. მერაბის ფეხში შესვლების დაცვა ადვილი არ არის. ყველამ ვნახეთ ოლიმპიურ ჩემპიონს რა უქნა. - ამბობს ო'მალის მწვრთნელი
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და შონ ო'მალის ბრძოლა თბილისის დროით 15 სექტემბერს, გამთენიისას გაიმართება. იმ შემთხვევაში თუ დვალიშვილი ო'მალის დაამარცხებს, ილია თოფურიას შემდეგ, UFC-ში მეორე ქართველი ჩემპიონი გვეყოლება.