მაქს ვერსტაპენი: "ტრასაზე მარიხუანას ისეთი სუნი იდგა, რომ ჩაფხუტშიც აღწევდა"
ლას ვეგასის გრან პრით მსოფლიოს ჩემპიონის ბედი გადაწყდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქს ვერსტაპენმა ფინიშის ხაზი მეხუთემ გადაკვეთა, დარჩენილ 2 რბოლაში ლანდო ნორისი მისი ქულებით გადასწრებას ვეღარ შეძლებს, ნიდერლანდელი "სუპერ მაქსი" ზედიზედ 4-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.
რბოლის დასრულების შემდეგ, ვერსტაპენმა საკმაოდ დელიკატურ საკითხზე ისაუბრა, რომელზეც წინა დღეს, კვალიფიკაციის დროს, მისმა კოლეგებმაც გაამახვილეს ყურადღება.
დღეს მე საკმაოდ კარგად ვგრძნობდი მარიხუანას სუნს (თავს ამაღლებულ განწყობაზე ვგრძნობდი - ხუმრობით). რა თქმა უნდა, ეს არაა იდეალური ვარიანტი, რადგან ტრასაზე ისეთი სიტუაცია იყო, სუნი მართვისას ჩაფხუტშიც შემოდიოდა - ეს ექსტრემალური იყო. - განაცხადა გამოცემა Telegraaf-თან საუბრისას ვერსტაპენმა
მიუხედავად იმისა, რომ კანაფი ლეგალურია ნევადაში, მაყურებლებს არ აქვთ უფლება ნარკოტიკები 3,8 მილის ტრასის რომელიმე მონაკვეთზე იქონიონ, თუმცა ეს ბარიერი, როგორც ჩანს, ძალიან ბევრმა ადამიანმა მარტივად გადალახა. შაბათს, კვალიფიკაციის დღეს, სერხიო 'ჩეკო' პერესი და ფრანკო კოლაპინტო იმავე თემაზე საუბრობდნენ. მრბოლელებს მარიხუანას მოხმარება სასტიკად ეკრძალებათ, კოლაპინტომ კი იხუმრა:
თუ ახლა FIA (ფორმულა 1-ის მმართველი ორგანო) დოპინგ-ტესტს ჩაგვიტარებს, ვფიცავ, რომ ყველა მრბოლელი მარიხუანაზე დადებით პასუხს აჩვენებს და დიდი არეულობა მოხდება - იხუმრა ფრანკო კოლაპინტომ
სეზონის ბოლომდე კიდევ 2 რბოლაა ჩასატარებელი. 1-ელ დეკემბერს პილოტებს კატარი უმასპინძლებს, 8 დეკემბერს კი სეზონი აბუ დაბიში დაიხურება და ნაკლებად სავარაუდოა, მსგავს დელიკატურ პრობლემასთან მრბოლელებს ისევ ჰქონდეთ საქმე.