მაიდოვი ძიუდოდან მოიკვეთება - IJF საბოლოო გადაწყვეტილებას ელის
პარიზის ოლიმპიადაზე, კერძოდ კი ძიუდოში, მეხუთე საშეჯიბრო დღე, სკანდალით დასრულდა. ყურადღების ცენტრში სერბი ძიუდოისტი - ნემანია მაიდოვი მოექცა, რომელიც 90 კგ-მდე წონითი კატეგორიის შეჯიბრს 3 გაფრთხილების გამო გამოეთიშა, თუმცა, თავად თვლის, რომ ამას არ იმსახურებდა და დამარცხების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტები გამოაქვეყნა, სადაც შემდეგი ტექსტი დაწერა.
"ეს სატანური ნაგავია. ეს ძიუდოს ოჯახი სრულად არის მოწამლული, დისკვალიფიკაციას მაძლევენ სულ რაღაც 2 წუთის შემდეგ და რეალურად არ მაძლევენ საშუალებას, ვაჩვენო, თუ რა შემიძლია.
ეს თქვენი ღირებულებები, სპორტი და ოლიმპიური თამაშები – ჩვეულებრივი ნაგავია. ეს ერთადერთი გზა იყო, რომ მე გაგეჩერებინეთ, ნაძირლებო. ძიუდო სპორტის დაკარგული სახეობაა, რომლის ბედსაც სატანისტები წყვეტენ..." - ნემანია მაიდოვი
ბერძენ - თეოდოროს ცელიდისთან დამარცხების შემდეგ, ნემანია მაიდოვმა რუმინელ ქალ მსაჯს, მრავალი სახის შეურაცხყოფები მიაყენა და დაწყევლა.
ამ ფაქტის გამო, ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გამოძიება დაიწყო - 99%-იანი ალბათობით, 27 წლის სერბი მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ძიუდოს საბოლოოდ ჩამოშორდება.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ნემანია მაიდოვის ქმედებები ეწინააღმდეგება IJF-ის ეთიკის კოდექსს, რის გამოც სპორტსმენები ისჯებიან. რაც ყველაზე მთავარია, მსგავსი ქმედება სერბი სპორტსმენისთვის კარიერაში მესამედ მოხდა, იგი IJF-სგან გაფრთხილებული იყო, რომ მესამე შემთხვევაში ძიუდოდან მოკვეთდნენ, თუმცა ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობიდან გამოთიშვის შემდეგ მან თავი ვერ შეიკავა.
შეგახსენებთ, რომ ნემანია მაიდოვი 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონია, 2023 წელს კი ევროპის ჩემპიონი გახდა. გარდა დიდი შეჯიბრებისა, მაიდოვს მხოლოდ 2 გრანდ სლემის შეჯიბრი აქვს მოგებული (ბაქო და აბუ დაბი), თუმცა 2024 წლის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონია, 2019 წელს კი მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.