Belive

ლუის ჰემილტონმა გამარჯვება ნიკი ლაუდას ხსოვნას მიუძღვნა (ფოტოები)

4 წლის წინ სხვა
2 წთ
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა, ლუის ჰემილტონმა, მონაკოს ქუჩის ტრასაზე დაძაბულ რბოლაში გაიმარჯვა და სეზონში მეოთხე, კარიერაში კი 77-ე ეტაპი მოიგო. ჰემილტონის განცხადებით, მან გამარჯვება მსოფლიოს 3-გზის ჩემპიონს, ნიკი ლაუდას მიუძღვნა, რომელიც 1 კვირის წინ, 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. "როდესაც ბოლიდს ვმართავდი, ვიფიქრე: "რას იზამდა ნიკი ლაუდა ჩემს ადგილას? ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ნიკი ჩემს გვერდით იმყოფებოდა. ძალიან მიხარია, რომ ნიკი ლაუდა მთელმა მსოფლიომ დააფასა და ჩემი მიზანია, რომ მეც მისი დონის პატივისცემა მოვიპოვო. ის იყო მისაბაძი მაგალითი, ადამიანი, რომელიც სხვებისთვის შთაგონების წყარო გახდა," განაცხადა ჰემილტონმა. აღსანიშნავია, რომ ნიკი ლაუდასა და ლუის ჰემილტონს ერთმანეთთან ძალიან ახლო ურთიერთობა აკავშირებდათ. სწორედ ნიკი ლაუდას დამსახურებაა, რომ ლუის ჰემილტონი "მერსედესში" 2013 წელს გამოჩნდა, რასაც ჰემილტონის აღმასვლა მოჰყვა.

მონაკოს გრან პრი და მერსედესის შეცდომა

ბრიტანელი მრბოლელი სტარტიდან ლიდერობდა, თუმცა პიტსტოპზე შესვლისას, "მერსედესის" ინჟინრებმა მისი ბოლიდი საშუალედო საბურავებზე გადაიყვანეს, რამაც მას პრობლემა შეუქმნა. რბოლის მეორე ნახევარში, ჰემილტონი გუნდის წევრებს ეუბნებოდა, რომ ისინი შეცდნენ და რომ საბურავის ცვეთის გამო, მას მეორე პიტსტოპზე შესვლა და შესაბამისად, დამარცხება მოუწევდა. შეცდომა თავად "მერსედესის" გუნდმაც აღიარა: "ჩვენ არასწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მივიღეთ, ჰემილტონმა ჩვენ გადაგვარჩინა," აღნიშნა გუნდის ხელმძღვანელმა. ჰემილტონის შეფასებით კი, ეს მის კარიერაში ერთ-ერთი ურთულესი რბოლა იყო. შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, კანადაში გაიმართება.

საერთო ჩათვლა - ტოპ 5

# მრბოლელი ქულა
1 ლუის ჰემილტონი 137
2 ვალტერი ბოტასი 120
3 სებასტიან ფეტელი 82
4 მაქს ფერსტაპენი 78
5 ჩარლზ ლეკლერკი 57

კონსტრუქტორთა თასი - ტოპ 5

# გუნდი ქულა
1 Mercedes 257
2 Ferrari 139
3 Red Bull 110
4 McLaren 30
5 Racing Point 17

სხვა სტატიები