Belive

ლევან მაისაშვილი: "ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ..."

2 წლის წინ სხვა
2 წთ

უელსის დედაქალაქ კარდიფში, ლეგენდარულ “პრინსიპალიტიზე” უელსისა და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების დაპირისპირება გაიმართა, სადაც “ბორჯღალოსნებმა” ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და 2022 წელი გამარჯვებით დაასრულეს.

მატჩის შემდეგ ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა - ლევან მაისაშვილმა, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ისტორიული მატჩი შეაფასა.

"ალბათ ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს გამარჯვება, პირველ რიგში ჩვენთვის, საკუთარი თავის რწმენისთვის. ასეთ გუნდებს ახასიათებთ, რომ თავიდანვე ძალიან მაგრად შეგიტიონ და პირველივე ტაიმში მოგიგონ, თუმცა ამისათვის ჩვენი გეგმა გვქონდა შემუშავებული.

პირველივე წუთზე კარგი შანსი გვქონდა, რომ ლელო დაგვედო, მატჩში პირველი ქულებიც ჩვენ ავიღეთ, თუმცა ამის შემდეგ ისე მოხდა, რომ მდევრის როლში აღმოვჩნდით, თუმცა ბიჭების შესაქებად უნდა ითქვას, რომ ბოლომდე გვწამდა, რომ თამაშის სადავეები ჩვენს ხელში აღმოჩნდებოდა. მთლიანობაში ბევრ შემთხვევაში ჩვენთვის სასიკეთოდ დასრულდა განსაკუთრებით პირველი ტაიმი. ეს ანგარიში ჩვენთვის ძალიან დიდი მოტივაცია იყო, რომ დავლოდებოდით მეორე ტაიმს და ჩვენი თამაში გვეთამაშა.

ველოდებოდით მომენტებს, კარგად გამოვიყენეთ შეცვლები. შეცვალზე შემოსულმა ბიჭებმა მოედანზე ძალიან დიდი ძალა შემოიტანეს და უელსელები ბევრ კომპონენტში დავჩაგრეთ. საბოლოო ჯამში მეორე ტაიმში თამაშის მართვა შევძელით.

ერთხელ უკვე გვქონდა უელსელებთან გამარჯვების შანსი, თუმცა მაშინ ვერ შევძელით, ახლა კი ეს ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ გამოვიყენეთ და გავიმარჯვეთ.

მადლობა ბიჭებს, მადლობა თითოეულ გულშემატკივარს და ალბათ ისტორია კიდევ ერთხელ დავწერეთ..."

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა 2022 წელს 6 ერის ორი წარმომადგენელი - იტალია და უელსი დაამარცხეს.

სხვა სტატიები