კიუშუ ბაშო - ტოჩინოშინი ჩემპიონობის უმთავრესი პრეტენდენტია!
11 ნოემბერს ფუკუოკაში კიუშუ ბაშო აიღებს სტარტს, სადაც იაპონიაში მოღვაწე ორივე ქართველი გოლიათი (ტოჩინოშინი და გაგამარუ) მიიღებს მონაწილეობას. პირველ რიგში განვიხილოთ განახლებულ ბანძუკეში (რეიტინგი) მათი მდგომარეობები. ქართველი ოძეკი ლევან გორგაძე კიუშუ ბაშოზე კვლავ დასავლეთის მეორე ოძეკის სტატუსით იქნება წარმოდგენილი, რაც შეეხება გაგამარუს, სამწუხაროდ იგი რიგით მესამე დივიზიონში იასპარეზებს. მაკუშიტას ბანძუკეში თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) პირველ საფეხურზეა. მაკუშუტა დივიზიონი არაელიტურად მიიჩნევა, სწორედ ამიტომ 15 ბრძოლის ნაცვლად გაგას ამ ბაშოზე 7 ორთაბრძოლის ჩატარება მოუწევს, საიდანაც 4 მათგანის მოგების შემთხვევაში იგი ჯურიოს (რიგით მეორე) დივიზიონს დაუბრუნდება. უმაღლეს ანუ მაკუუჩი დივიზიონში, ტრავმებიდან გამომდინარე, ბაშოს ორი იოკოძუნა გამოტოვებს - ჰაკუჰო და კაკურიუ. JapanTimes-მა 31 ოქტომბერს ჰაკუჰოს განახლებული ვარჯიშის ვიდეო გამოაქვეყნა, თუმცა როგორც ჩანს მან ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ მოახერხა, ისევე, როგორც მისმა თანამემამულე იოკოძუნა კაკურიუმ. JapanTimes-მა ასევე მიმოიხილა ქართველი ოძეკის, ლევან გორგაძის ჩემპიონობის შანსები კიუშუ ბაშოზე. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე მათი აზრით ტოჩინოშინი ბაშოს მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია! როგორც ვიცით, ყოველი ბაშოს წინ სპორტსმენებს შორის საგამოფენო შეხვედრები ტარდება, რომელსაც ჯუნგიო ეწოდება. შემოდგომის ჯუნგიოზე ტოჩინოშინმა 23-დან 23 (!!!) გამარჯვება მოიპოვა. საგამოფენო შეხვედრების დროს ტოჩიმ სამჯერ სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა:
ერთ-ერთ ინტერვიუში ლევან გორგაძემ განაცხადა, რომ კიუშუ ბაშოს ფაქტობრივად სრულ მზადყოფნაში ხვდება. Live.Ge წარმატებებს უსურვებს ქართველ გოლიათს და რა თქმა უნდა, ყოველდღე 11:00-დან შემოგთავაზებთ სუმოს პირდაპირ ტრანსლაციებს, რომელიც შეგიძლიათ როგორც ჩვენს ფეისბუქ გვერდზე, ასევე საიტზეც იხილოთ.<秋巡業@広島市>幕内力士による稽古。栃ノ心と御嶽海。#sumo #相撲 pic.twitter.com/2kKvJDNQ3I — 日本相撲協会公式 (@sumokyokai) October 29, 2018