Belive

ილია "მატადორი" თოფურია Vs. მაქს "დალოცვილი" ჰოლოუეი | PREVIEW

2 თვის წინ სხვა
4 წთ

26 ოქტომბერს დანა უაითი აბუ დაბიში მორიგ შესანიშნავ საღამოს გვპირდება. არაბულ მიწაზე მთავარ ბრძოლას გამართავენ ნამდვილი 'მკვლელები', რომელთა გზებიც შოკისმომგვრელი და ბრუტალური ნოკაუტების შემდეგ გადაიკვეთა. ერთი ჰავაის კუნძულებს წარმოადგენს, მეორე კი საქართველოს მთებიდან არის. ერთი საკუთარ თავს "დალოცვილს" უწოდებს, მეორე კი ხარივით ძლიერი ათლეტების დივიზიონში "მატადორის" მეტსახელით ასპარეზობს. ერთი ქვემსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონი და მოქმედი BMF არის, რომლის ყბის სიძლიერე ვერავინ დაარღვია. მეორე მოქმედი ჩემპიონია, რომელმაც ქვემსუბუქ წონაში თავად ალექს "დიდებული" ვოლკანოვსკი ტკბილ სიზმრებში გაუშვა და ამის შემდეგ მისი დარტყმის ძალა ყველას აშინებს. ეს ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის დაპირისპირებაა, სადაც 5 სისხლიანი რაუნდის შემდეგ გადაწყდება თუ ვინ არის საუკეთესო.



UFC-ის ყოველწლიური ვოიაჟი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ყოველთვის მასიური აჟიოტაჟის მიზეზი ხდება. არც აღნიშნული შემთხვევა არის გამონაკლისი, რომელიც ამაღელვებელი დაპირისპირებებითა და საოცარი კლასის მქონე მებრძოლებით არის სავსე. თვალისმომჭრელ მთავარ ბრძოლასთან ერთად, UFC 308-ს დიდებულებას, თანამთავარი ბრძოლებიც სძენს.

თუმცა, ქართველი გულშემატკივრის ყურადღება საღამოს კულმინაციისკენ არის მიმართული. მთავარ ბრძოლაში ილია თოფურია ქვემსუბუქი წონის ქამარს პირველად დაიცავს. ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ აბუ დაბიში პირველ ქართულ საჩემპიონო ქამრის დაცვას ვიხილავთ. ამ ყველაფერს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ ილია ბრძოლას წლის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტის ავტორთან მართავს. მაქს ჰოლოუეი - BMF ტიტულის მფლობელი, რომელმაც ჯასტინ გეიჯი ბრძოლის დასრულებამდე 10 წამით ადრე საოცარი ნოკაუტით დაამარცხა. ამ გამარჯვებით მაქსმა საკუთარი სახელი MMA-ს ისტორიაში კიდევ უფრო წონიანი გახადა და GOAT-ების სიაში ამაყად ყოფნაც დაიმსახურა. (რა თქმა უნდა, აქამდეც დამსახურებული ჰქონდა მაგრამ, თუ რამე კითხვა არსებობდა, ახლა ყველა შეკითხვა პასუხგაცემულია).

ჰოლოუეის გზას ქვემსუბუქი წონის ჩემპიონობამდე ამ დროის განმავლობაში ალექს ვოლკანოვსკი ბლოკავდა. ავსტრალიელმა მებრძოლმა "დალოცვილის" სამჯერ დამარცხება შეძლო და ქამარს არაფრის დიდებით არ თმობდა. მაგრამ, როგორც კი ილიამ "ვოლკი" გათიშა მაქსისთვის გზა კვლავ გაიხსნა.



როგორც უკვე გითხარით, ილია საკუთარ ტიტულს პირველად დაიცავს. თოფურია ქვემსუბუქი წონის ტახტზე მას შემდეგ ჩამოჯდა, რაც იქიდან ავსტრალიელი მეფე ჩამოაგდო. "მატადორმა" ალექს ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში 'ცივად' დაანოკაუტა და წლის ერთ-ერთი მოულოდნელობის მთავარი შემოქმედიც გახდა. ამ გამარჯვებით ქართველმა MMA-ს ყველაზე პრესტიჟულ ორგანიზაციაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა და საერთო რეკორდი 15-მდე გაზარდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თოფურია მწვერვალამდე დაუმარცხებლად მოვიდა და კიდევ დიდხანს აპირებს წაგების გარეშე იაროს.



ილიასა და მაქსის დაპირისპირება უკვე დიდ ინტერესს იწვევს. მებრძოლები ერთმანეთს საუბრისას არ ინდობენ და ხომ წარმოგიდგენიათ ოქტაგონზე რა მოხდება. ამ ბრძოლის ყველა ნაწილი საოცრად მიმზიდველია. თოფურია თავდაჯერებული მებრძოლია, რომელიც საოცრად გამოცდილ მოჩხუბარს უპირისპირდება. თამამად შეგვიძლია, რომ ეს ჩხუბი მომავალი სუპერვარსკვლავისა და ერთ-ერთი მზარდი სუპერვარსკვლავის დაპირისპირებად შევრაცხოთ.

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ეს ბრძოლა, MMA-ს გულშემატკივარს წინ საოცარი სანახაობა ელის.

სხვა სტატიები