Belive

გიორგი ცხოვრებაძე საქართველოს საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა

2 თვის წინ სხვა
2 წთ

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და გერმანული "გუმერსხბახის" მოთამაშე, გიორგი ცხოვრებაძე, საქართველოს 2023 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად დასახელდა.

„რესპუბლიკა ივენთ ჰოლში“ საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენებისა და სპორტული მოვლენების ტრადიციული დაჯილდოება გაიმართა, რომლის ორგანიზატორი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია იყო.

სპორტული ჟურნალისტების გამოკითხვის შედეგად, გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოვლიდნენ:

  • წლის საუკეთესო კაცი სპორტსმენი: ხვიჩა კვარაცხელია (ფეხბურთი);

  • საუკეთესო ქალი სპორტსმენი: ანასტასია გუბანოვა (ფიგურული ციგურაობა);

  • საუკეთესო გუნდი: საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრები;

  • წლის ახალგაზრდა სპორტსმენი: გიორგი ცხოვრებაძე (ხელბურთი);

  • საუკეთესო მწვრთნელი: რამაზ სვანაძე (ფეხბურთი, U-21 ნაკრების მწვრთნელი).

სადებიუტო, ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე, გიორგი ცხოვრებაძე საქართველოს ნაკრების წამყვანი ლიდერი გახლდათ - ცხოვრებაძე ყველა მატჩში შეუჩერებელი იყო და 3 მატჩში 21 გოლს მოუყარა თავი. ისიც აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, 6 მატჩში გატანილი 42 გოლით, ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი დაიკავა.

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას ჯგუფური ეტაპიდან გამოეთიშა. ქართველი ხელბურთელები ნიდერლანდებთან (29:34) და შვედეთთან (26:42) დამარცხდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინა კი მცირე სხვაობით დაამარცხეს (22:19). მარცხის მიუხედავად, ცხოვრებაძის შესანიშნავი ასპარეზობა შეუმჩნეველი არ დარჩენილა: ნიდერლანდებთან მატჩში, მან MVP-ის წოდება მიიღო.

გიორგი ცხოვრებაძე სულ რაღაც 16 წლის იყო, როდესაც ევროპამ გაიცნო. ადრეულ ასაკშივე, ფრანგული "მონპელიეს" აკადემიის წევრი გახდა, 2021/22 წლების სეზონში შვეიცარიულ "ვინთერტურში" იყო განათხოვრებული, ამის შემდეგ კი გერმანულ "გუმერსბახს" შეუერთდა. ცხოვრებაძე საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა - სწორედ მან შეაგდო გამარჯვების მომტანი, ისტორიული ბურთი უნგრეთთან, რომლის შედეგადაც ჩვენმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა.