გიგა ჭიკაძე: "მეორე და მესამე რაუნდები მარჯვენა ხელის გარეშე ჩავატარე"
4 თვის წინ
სხვა
1 წთ
11-თვიანი პაუზის შემდეგ, გიგა ჭიკაძე ოქტაგონს ინგლისში, ქალაქ მანჩესტერში, UFC304-ზე დაუბრუნდა. ქართველის მეტოქე ბრიტანელი არნოლდ ალენი იყო, რომელიც მაქს ჰოლოუეისთან და მოვსარ ევლოევთან მარცხების შემდეგ რეაბილიტაციას ცდილობდა, ჭიკაძე კი ალექს კასერესთან ბოლო გამარჯვების შემდეგ კარგი სერიის შენარჩუნების იმედზე იყო. სამწუხაროდ, გიგა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.
პირველი რაუნდის ბოლოს, როცა მეტოქეს მუხლით შევუტიე, კისერი დამიზიანდა და ახლა მარჯვენა ხელი მთლიანად წართმეული მაქვს - მხრის მყესი გამიწყდა. ვესაუბრე UFC-ის ექიმებს და დიდი ალბათობით, ოპერაცია მჭირდება, რასაც უახლოეს მომავალში ჩავიტარებ.
მეორე და მესამე რაუნდები ერთი ხელითა და ორი ფეხით ვიჩხუბე, ის მაინც მოვახერხე, რომ ბევრი დარტყმა არ მიმიღია. დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდი და ტრავმები მოშუშებული მქონდა. რაც მოხდა, სრულიად გაუთვალისწინებელია - მიმართა გიგა ჭიკაძემ გულშემატკივრებს
გიგა ჭიკაძეს UFC-ში ჩატარებულ 10 ბრძოლაში 8 გამარჯვება აქვს მოპოვებული, თუმცა ახლა კარგი დრო არ უდგას, რადგან უკანასკნელ 3 შეხვედრაში 2-ჯერ დამარცხდა, ჯერ იყო 2022 წელს კელვინ კატართან წაგება, ახლა კი ბრიტანელ არნოლდ ალენთან მარცხი.