Belive

გიგა ჭიკაძე: "დავისვენებ და შემდეგ სამომავლო მეტოქეებს განვიხილავ"

4 წლის წინ სხვა
4 წთ
UFC 248-ის ივენთზე, გიგა ჭიკაძემ ჯამალ ემერსი დაამარცხა. ჯამალ ემერსის თავდაპირველი მეტოქე მოვსარ ევლოევი უნდა ყოფილიყო თუმცა უცნობი მიზეზებიდან გამომდინარე იგი ბრძოლას გამოეთიშა. გიგა ჭიკაძისა და ჯამალ ემერსის ორთაბრძოლა 8 მარტს, ლას ვეგასში გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა UFC-ის სადებიუტო დაპირისპირებაში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, მეორე ორთაბრძოლაშიც შეძლო მეტოქის დამარცხება. ჯამალ ემერსთან გამართული ბრძოლის შემდეგ, Live.ge გიგა ჭიკაძეს ესაუბრა. გიგა პირველ რიგში გილოცავთ გამარჯვებას. ბუქმეიქერები ფავორიტად ემერსს მიიჩნევდნენ, თუმცა თქვენ სულ სხვაგვარად წარმოაჩინეთ თავი, ბრძოლა გეგმის მიხედვით წარიმართა? - ჯამალი ძალიან გამოცდილი მებრძოლია, სწორედ ამიტომ ანიჭებდნენ მას უპირატესობას. ჩემს კატეგორიაში, ჯამალი კალიფორნიაში ნომერ პირველ მებრძოლად ითვლება. ჩემთან შეხვედრამდე, მას 20-ზე მეტი ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული და მისდა სამწუხაროდ ბრძოლა მისი მარცხით დასრულდა, თუმცა ჩემთვის ეს შედეგი მოსალოდნელი იყო. ელოდით თუ არა რომ ბრძოლის დასრულების შემდეგ, მსაჯი სწორედ თქვენს ხელს აღმართავდა? - ბრძოლა თავიდან გეგმის მიხედვით დაიწყო, მაგრამ ჩემი ერთ-ერთი დარტყმის დროს, ჯამალი წაბარბაცდა, რასაც შეიძლება ნოკდაუნი ვუწოდოთ. ჯამალი არ წაქცეულა, თუმცა ამ დარტყმამ პირველ რაუნდში საგრძნობი უპირატესობა მომცა, რამაც ჩემში ძალიან დიდი ემოციების მოზღვავება გამოიწვია. მსურდა, რომ ბრძოლა პირველივე რაუნდში ნოკაუტით დამემთავრებინა. ამ ყველაფერმა ჩემს ტაქტიკაში დაუგეგმავი ცვლილებები გამოიწვია, რის შედეგადაც, ბოლო რაუნდებში ფიზიკური დაღლა დამეტყო. როგორ შეაფასებდით თქვენს მოწინააღმდეგეს, როგორ ფიქრობთ რაიმე სიურპრიზი ხომ არ შემოუთავაზებია ბრძოლისას? - კი, რა თქმა უნდა ველოდი იმას რომ მსაჯი გამარჯვებას მე მომანიჭებდა. ვიცოდი, რომ პირველ და მეორე რაუნდში მე გავიმარჯვე. ბრძოლის შემდეგ რომ ვნახე ვიდეო, იქაც ნათლად გამოჩნდა. მესამე რაუნდი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. მესამე რაუნდშიც შეიძლებოდა ჩემთვისაც უპირატესობის მინიჭება თუმცა რაღაც ეტაპზე, ჯამალმა რამდენიმე დარტყმით მეტი განახორციელა და ერთი გდებაც შეასრულა. UFC ევროპამ თქვენი რამდენიმე ილეთი გამოარჩია, რამდენად დიდ დროს უთმობთ  ტექნიკაზე ვარჯიშს? - ზოგადად, დიდი ტექნიკური არსენალი მაქვს. არ ვიცი, UFC ევროპამ რა გამოარჩია, მაგრამ ზოგადად, ამ სპორტში ერთ-ერთ ყველაზე ტექნიკურ სპორტსმენად ვითვლები. ბავშვობიდან მაქვს მისწრაფება, რომ ჩემი ტექნიკა მაქსიმალურად გავზარდო და მაქვს გამომუშავებული განსაკუთრებული დარტყმები მაქვს. ტექნიკური სტილის მებრძოლები ძალიან მომწონს და ტექნიკურ ვარჯიშს დროის გარკვეულ ნაწილს ყოველთვის ვუთმობ. პარტერთან შედარებით დგომში ბევრად კარგად გამოიყურებოდით, არის თუ არა გეგმაში ჯიუ ჯიცუს ტექნიკის დახვეწა? - ჯიუ-ჯიცუს ტურნირებში მონაწილეობას ვიღებ, რაც ჩემს კვალიფიკაციას უფრო მაღლა წევს. ამის გარდა, ჭიდაობასაც დიდ ყურადღებას ვაქცევ, რის შედეგადაც, ბოლო ბრძოლაში ბევრი გდებისგან დავიცავი თავი. გპირდებით, რომ მომავალი ბრძოლიდან გდებებს უკვე ჩემი შესრულებით იხილავთ. სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, უკვე მიმდინარეობს თუ არა მომდევნო მეტოქის ძიება და სავარაუდოდ როდის შეიძლება გაიმართოს შემდეგი ბრძოლა? - მეტოქის ძიება ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. თქვენც ნახავდით, რომ ამ ბრძოლაში ბევრი ტრავმა მივიღე, რადგან ორივე მებრძოლი ძალიან ძლიერად ვიბრძოდით. ამ ეტაპზე დავისვენებ, ტრავმებს მოვიშუშებ და შემდეგ მწვრთნელებთან და მენეჯერებთან ერთად სამომავლო მეტოქეებს განვიხილავ.

სხვა სტატიები