Belive

გამოდი კაპიტანო! დაგველაპარაკე, შეგვაგინე მაინც...

4 წლის წინ სხვა
7 წთ
2020 წლის 12 ნოემბერი - კარგად დაიმახსოვრეთ ეს თარიღი. სისტემამ, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჰქვია, ჩემი, შენი, ჩვენი ოცნებები დაასამარა. 1992 წლის შემდეგ, როდესაც სახელმწიფო სახელად საქართველო ოფიციალურად გახდა UEFA-სა და FIFA-ს წევრი, თითოეული ქართველი ოცნებობს საფეხბურთო ზეიმში (მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატი) მონაწილეობაზე. ისევ UEFA-ს ძალისხმევით, რომ ტურნირი გაფართოებულიყო და თითქმის ნახევარ ევროპას მიეღო მონაწილეობა, ჩვენც გაგვიჩნდა შანსი რომ ამ "საოცნებო" ტურნირზე მოვხვედრილიყავით. რა თქმა უნდა, იქ უმაღლეს მიზნებზე ბრძოლის პრეტენზია არავის ექნებოდა. უბრალოდ, თავი ფასეულად უნდა გვეგრძნო (აი, დინამო მოსკოვი რომ დავამაცხეთ და მთელი ერი სიამაყით ავდუღდით, ზუსტად ისევე), ჩვენც გავრეულიყავით საფეხბურთო მარაქაში, ცალი თვალით მაინც შეეხედათ რუკაზე ჩვენთვის და სკაუტებს ბლოკნოტის ნახევარი გვერდი მაინც გაევსოთ ქართველი ფეხბურთელების შეფასებებში, მაგრამ...
მაგრამ, სულ მაგრამ... მძულს სიტყვა "მაგრამ".
...მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, გავაკრიტიკოთ, შევცვალოთ, შეცდომა დავუშვათ და ისევ გავაგრძელოთ. ჰოდა მიიღეთ ეს კრიტიკა, დაჯექით, ითათბირეთ, შეცვალეთ, შეცდომაც დაუშვით, ოღონდ ტყუილად არ ირწმუნოთ, რომ სწორ გზაზე ხართ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ნათლად ჩანს, რომ ჩვენი გეზი არასწორია.

ვაისი

ჩვენმა ჟურნალისტებმა რომ პრესკონფერენცია დატოვეს და ასე გამოხატეს პროტესტი ვაისის მიმართ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. ამაშიც გამოუცდელები ვართ. ყველას უკვე "იქ" გვეგონა უკვე თავი და დაგვანარცხეს მიწაზე. როდესაც წამოვდექით, პირველი ვაისი დავინახეთ: გადავუარეთ, მაგრამ შევცდით. ვაისმა პასუხისმგებლობაც აიღო, ბოდიშიც მოგვიხადა და წასვლაც დააანონსა. ისე სხვათა შორის, ვაისმა მოგვიყვანა აქამდე თუ ვინმეს, ჟურნალისტსა თუ ფედერაციას, მისი კრიტიკა სურდა, ეს ხომ აქამდე უნდა გაეკეთებინა და არა პოსტ ფაქტუმ?

მდუმარე კაპიტანი

სადმე გინახავთ, კაპიტანი ხმას არ იღებდეს მას შემდეგ, რაც მთელი ერი განადგურდა? არსებობს მომენტები, როცა შენ, შენ თავს აღარ ეკუთვნი და საჯარო სივრცეში გადადიხარ. ასეთ დროს, შენდა უნებურად, ხდები ის, რაც ხალხს ეკუთვნის - ნაკრები კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები (სახელიც გეუბნებათ), სწორედ, ჩვენ, ხალხს გვეკუთვნის. ხალხს, რომელიც ამ ოცნებით ვიძინებდით და ვიღვიძებდით, ხალხს, რომელსაც ამ 28 წლის მანძილზე ყველა სფეროში ალბათ 1000-ჯერ მაინც გაგვიცრუვდა იმედები, კაპიტანი ხარ და არაფერს არ გვეუბნები? ნაკრების უკან ხომ მთელი ერია? ჰოდა, არ ხარ მაშინ ის, ვინც ნაკრებსა და მთელ ერს წინ უნდა წაუძღვრე. მინდა, ჩემი ნაკრების კაპიტანმა დაძლიოს კომპლექსი (თუ რაც არის, აბა მედიასთან არასდროს ხმის ამოღებას, სხვა რამეს ვერ დავარქმევ), იყოს ძლიერი მოედნის გარეთაც და გამოვიდეს, დაგველაპარაკოს, დაგვამშვიდოს, ბოდიში მოგვიხადოს, ახალი ენერგიით აგვავსოს, მოგვიწოდოს, იყვიროს, იტიროს, ახალგაზრდები გაამხნევოს, შეგვაგინოს მაინც.
ფეხბურთელებზეც და გუნდზეც ვთქვათ ერთი-ორი სიტყვა. გუნდი რომელიც, მხოლოდ ორი ფეხბურთელით, დიახ, ორი 19-20 წლის ბიჭით მოვიდა, მათ არყოფნაში ვერაფერი ქნა, ამ გუნდს, ევროპის დიდ ფორუმზე არაფერი ესაქმება. არ ვიცი, თქვენ როგორ აფასებთ, მაგრამ მე ვერ დავინახე ის, რომ მათთვისაც და ჩვენთვისაც ამ მატჩს ერთი და იგივე მნიშვნელობა ჰქონდა. ვერ დავინახე ოცნება, მათ თვალებში ვერ დავინახე ბავშვობა, ვერ დავინახე უბანში მოთამაშე ბიჭი, რომელსაც წარმოდგენილი აქვს, როგორ იტანს ეროვნული გუნდის მაისურით გადამწყვეტ გოლს დინამო არენაზე და გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გაჰყავს. და როგორც თემურ ქეცბაიამ თქვა, ნაკრები არის საუკეთესო ფეხბურთელების შეკრების ადგილი და თუ არ იქნება ერთი, ეს არის შანსი მეორესთვის რომ დაამტკიცოს, რომ სწორედ ის არის საუკეთესო. არა მეგობრებო, აქ ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, კიტეიშვილი და სხვანი არაფერ შუაში არიან. ყველაფერი იქ, მოედანზე უნდა გადაწყვეტილიყო და სამწუხაროდ ყველაფერი ჩვენს საწინააღმდეგოდ, თუმცა სრულიად სამართლიანად გადაწყდა: ჩვენ საკუთარ მოედანზე დავმარცხდით.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ახლა მივბრუნდეთ, იქ საიდანაც ეს ყველაფერი მოდის - ოღონდ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ამჟამინდელ ფედერაციაზე ვაპირებ რაიმეს დაწერას. არა, ფედერაციას, რომელიც დასაბამიდან პოლიტიკურ თავშესაფრად არის გადაქცეული. ფედერაციას, რომელიც ხალხის ფულს (დიახ, ჩემს და თქვენს ფულს) იღებს და შემდეგ ამას უშედეგოდ ანაწილებს და ამ შედეგებზე, უმეტესად, არაფერი მოეთხოვება. ფედერაცია რომელიც ქმნის 265 მილიონიან ფონდს და ჩვენი გადასახადებით ასულდგმულებს გუნდებს და ფეხბურთელებს. ჰმ, ფეხბურთელებს... ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია. ფეხბურთელი არის მბაპე, მოდრიჩი, პოგბა და სხვები, ესენი კი არიან ადამიანები, რომლებიც ბურთს აგორავებენ, არაპროფესიონალები და კიდევ ჩემი ჯიბიდან იღებენ ხელფასს (რა თქმა უნდა, ეხება უმრავლესობას და არა ყველას). არა მეგობრებო, ასე არ შენდება ფეხბურთი. არა, ფეხბურთი შენდება მწვრთნელებიდან, ბავშვებიდან, სათანადო ინფრასტრუქტურიდან და რაც მთავარია - ჟინიდან, მონდომებიდან და საქმის სიყვარულიდან...
ჰოდა გადაამზადეთ მწვრთნელები, ფსიქოლოგები, ფიზ-მომზადების მწვრთნელები, ექიმები, მედია, მოამზადეთ ბავშვები, ააშენეთ ინფრასტუქტურა, თუნდაც მცირედით დაეხმარეთ გუნდებს და ფეხბურთის განვითარება კერძო სექტორს მიანდეთ. წადით მივლინებაში, ხორვატიაში, ისლანდიაში, ბელგიაში, სადაც გინდათ წადით, ოღონდ საქმე გააკეთეთ, დააგროვეთ გამოცდილება, ნახეთ წარმატებული ქვეყნის მაგალითები, ჩამოდით, მოვარგოთ ქართულ რეალობას და ვცადოთ. არ გამოვა? ესე იგი რაღაცა ისევ არ ხდება სწორად და თავიდან ვცდით და გამოვა. ოდესმე გამოვა..., ხომ ხედავთ ესე არ გამოდის და სხვანაირად ვცადოთ. დაბოლოს, ჩვენ მაინც სულ ვუგულშემატკივრებთ საქართველოს და ქართველებს, მოედანზე, პარკეტზე, კორტზე, ტატამზე თუ სადაც არ უნდა გადიოდეს ბრძოლის ველი, მაგრამ თქვენც ვინც სპორტში (სპორტი ცხოვრებაა), ვინც ამ ცხოვრებაში ხართ ჩართული, ცოტა ჩვენზეც იფიქრეთ, დაგვაფასეთ, დაგველაპარაკეთ, შეგვაგინეთ მაინც... ასევე იხილეთ: ვისი ბრალია? მხოლოდ ვაისს რატომ ვაწმენდთ ხელს?

სხვა სტატიები