Belive

FIFA U-20 საუკეთესო ბომბარდირები, სად არიან ისინი ახლა?

4 წლის წინ სხვა
21 წთ
პოლონეთში მიმდინარე 20 წლამდელთა  მსოფლიოს ჩემპიონატზე ნორვეგიელთა 18 წლის თავდამსხმელმა ერლინგ ჰალანდმა საოცრება ჩაიდინა და ჰონდურასს ერთ მატჩში 9 გოლი გაუტანა, მისმა ნაკრებმა კი შეხვედრა 12:0 მოიგო. დიდი ალბათობით სწორედ "ზალცბურგის" ახალგაზრდა ფორვარდი გახდება ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ამასთან დაკავშირებით Live.ge გთავაზობთ აქამდე გამართული ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირთა მოკლე ისტორიებს.

1977 წელი, ტუნისი, გუინა (ბრაზილია)

aguinaldo-roberto-gallon-0d1a3503-aafc-41c5-bff5-bc453160f67-resize-750
აგინალდო რობერტო გალონი, იგივე გუინა 1977 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრების ლიდერი იყო. მაშინ პატარა "სელესაომ" მესამე ადგილი აიღო გუინა კი 4 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. სამწუხაროდ გუინას კარიერა ისე არ წარიმართა როგორც მას სურდა. მის პერიოდში ბრაზილიის ნაკრებში ზიკო, სოკრატესი და სხვები ბრწყინავდნენ, გუინამ კი დიდ ნაკრებში მხოლოდ ერთხელ ითამაშა. ესპანური , პორტუგალიური და ბრაზილიური კლუბების მოვლის შემდეგ აგინალდომ კარიერა 1993 წელს "მაუანენსეში" დაასრულა.  

1979 წელი, იაპონია, რამონ დიასი (არგენტინა)

1979 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე დიეგო მარადონას ვარსკვლავი ამობრწყინდა, მან 6 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა, არგენტინის ნაკრებმა კი მსოფლიო ჩემპიონატი ისე მოიგო რომ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა. რაც შეეხება ბომბარდირს ეს რამონ დიასი გახდა. იგი "რივერ პლეიტის" აღზრდილი იყოდა კლუბში კარიერის დასასრულსაც ითამაშა. შუაში კი იყო "ნაპოლი", "ინტერი", "ფიორენტინა", "მონაკო" და სხვა კლუბები. არგენტინის ნაკრებში დიასმა 22 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, თუმცა 1982 წლის შემდეგ ის ნაკრებში აღარ გამოუძახებიათ. "იოკოჰამა მარინოსში " გატარებული 2 წლის შემდეგ დიასმა კარიერა დაასრულა და "რივერ პლეიტს" ჩაუდგა სათავეში, გუნდთან ერთად არგენტინის ჩემპიონატი 5-ჯერ, თითოჯერ კი "ლიბერტადორესის" თასი და "კოპა სუდამერიკანა" მოიგო და 2003 წელს კლუბი დატოვა. ამჟამად 59 წლის დიასი ეგვიპტური "პირამიდსის" მთავარი მწვრთნელია.

1981 წელი, ავსტრალია, როლანდ ვოლფარტი (გფრ) 

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს რომ 1981 წლის ახალგაზრდულ მუნდიალს 4 ბომბარდირი ჰყავდა - რალფ ლუზე (გფრ), ტაჰერ აბუზაიდი (ეგვიპტე), მარკ კუსასი (ავსტრალია) და როლანდ ვოლფარტი (გფრ). თქვენს ყურადღებას სწორედ ამ უკანასკნელზე შევაჩერებთ. გფრ-ს ნაკრები რომელიც იმ წელს მსოფლიო ჩემპიონი გახდა, კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩიოდა, ვოლფარტი კი ლუზესთან ერთად ნამდვილი ვარსკვლავი იყო. როლანდმა თავისი გოლი ფინალში ყატარსაც გაუტანა ის მატჩი კი გერმანელებმა 4:0 მოიგეს (ლუზემ დუბლი შეასრულა), ამის მიუხედავად კარიერის მანძილზე გფრ-ს ნაკრებში მხოლოდ ორჯერ ითამაშა.  ვოლფარტის კარიერის ნათელი ნაწილი მიუნხენის "ბაიერნს" უკავშირდება , სადაც 1984-1993 წლებში თამაშობდა, მან ბუნდესლიგა 5-ჯერ მოიგო, ორჯერ კი (1987 წელს 17 გოლით, 1991 წელს კი 21 გოლით) ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.ვოლფარტმა კარიერა 2000 წელს "ბოხოლტში" დაამთავრა და აქტიური სამწვრთნელო კარიერა აღარ გაუგრძელებია.

1983 წელი, მექსიკა, ჯოვანი (ბრაზილია)

ჯოვანი 1983 წელს არამხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელი არამედ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. მან ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, ბრაზილიის ნაკრები კი ჩემპიონი გახდა. სხვათა შორის მექსიკაში გამართული ეს ჩემპიონატი დასწრების რეკორდს დღემდე ინარჩუნებს (საშუალოდ 36 099 მაყურებელი მატჩზე). რაც შეეხება ჯოვანი ფარია და სილვას სანაკრებო კარიერას, მიუხედავად იმისა რომ "პენტაკამპეონებთან"  ერთად მუნდიალზე არ უასპარეზია, მას შეუძლია ოლიმპიადის (1988) ვერცხლის მედალით და კოპა ამერიკის (1989) ჩემპიონობით იამაყოს. სულ კი ბრაზილიის ნაკრებში მან 23 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერას რაც შეეხება იგი ორი წლის მანძილზე ევროპაში, "ბოლონიასა" და "კარლსრუეში" ასპარეზობდა, მაგრამ კარიერის ძირითადი ნაწილი ბრაზილიაში გალია სადაც კარიერა 2002 წელს, "ტუპიში" დაასრულა.  

1985 წელი, საბჭოთა კავშირი, მიულერი (ბრაზილია)

  ტურნირზე 3-3 გოლით ბომბარდირობა შვიდმა ფეხბურთელმა გაიყო - გერსონმა (ბრაზილია), ბალალომ (ბრაზილია), მიულერმა (ბრაზილია), სებასტიან ლოსადამ (ესპანეთი), ფერნანდო გომესმა (ესპანეთი), მანდეი ოდიაკამ (ნიგერია) და ალბერტო გარსია ასპემ (მექსიკა), ჩვენი ყურადღება კი ბრაზილიელ მიულერზე შეჩერდა. აღსანიშნავია რომ B ჯგუფის (ბრაზილია, ესპანეთი, საუდის არაბეთი, ირლანდია) მატჩები მთლიანად თბილისში - "ლოკომოტივისა" და "დინამოს" სტადიონებზე ჩატარდა. "დინამომ" ასევე უმასპინძლა მეოთხედფინალსაც, სადაც ბრაზილიამ კოლუმბია 6:0 გაანადგურა. რაც შეეხება მიულერს, მან ბრაზილიის დიდ ნაკრებში 1986-1998 წლებში 56 მატჩი ჩაატარა და 12 გოლიც გაიტანა. მიულერი 1994 წელს ბრაზილიელთა შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ტურნირზე კი მხოლოდ 1 მატჩი ითამაშა, იგი შვედეთთან ჯგუფურ ეტაპზე შეცვლაზე შევიდა 81-ე წუთზე. საკლუბო კარიერას რაც შეეხება,ლუის ანტონიო კორეა და კოსტა "სან პაოლოს" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში გამორჩეულ ადგილს იკავებს 158 გოლით. 1993 წელს კლუბთან ერთად მან საკონტინენტაშორისო თასი მოიგო, ტურნირის ფინალში კი "მილანს" მესამე გოლი გაუტანა. ბრაზილიური კლუბების გარდა მას ევროპაში "ტორინოს", "პერუჯას", და "ბაიერნის" შემადგენლობაში უთამაშია. კარიერა კი 2015 წელს "ფერნანდოპოლისში" დაასრულა. მისი სამწვრთნელო კარიერა მხოლოდ ბრაზილიით შემოიფარგლება, თუმცა 2014 წელს "გრემიო მარინგას" დატოვების შემდეგ მას არსად უმუშავია.  

1987 წელი, ჩილე, მარსელ ვიტეშეკი (გფრ)

  19 წლის ვიტეშეკის 7 გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა რათა გერმანელები გაჩემპიონებულიყვნენ. მათ ფინალი იუგოსლავიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დათმეს , სადაც ბობანი, შუკერი, შტიმაცი, პროსინეჩკი, მიატოვიჩი და სხვები ბრწყინავდნენ. აღსანიშნავია რომ გერმანელთანაგან ერთადერთი თერთმეტმეტრიანი სწორედ ვიტეშეკმა ვერ გამოიყენა.  მარსელს დიდების ნაკრებში თამაშის შანსი კარიერის მანძილზე არ მისცემია. საკლუბო კარიერა კი მთლიანად გერმანიაში გაატარა, სადაც ყველაზე მეტი დრო "გლადბახში" გაატარა (1997-2003). 1993-1997 წლებში იგი მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობდა და გერმანიის ჩემპიონი ორჯერ გახდა. ვიტეშეკმა კარიერა 2007 წელს სამოყვარულო კლუბ "ალბშტადში" დაასრულა.  

1989 წელი, საუდის არაბეთი, ოლეგ სალენკო (საბჭოთა კავშირი)

სალენკოს საფეხბურთო საზოგადოება ყველაზე კარგად 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, კამერუნთან გატანილი 5 გოლის გამო იცნობს, თუმცა 5 წლით ადრე ოლეგმა ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გაიბრწყინა. სალენკომ სირიას და კოლუმბიას დუბლები შეუსრულა ერთი გოლი კი მეოთხედფინალში ნიგერიას გაუტანა. თუმცა სსრკ-ს გზა აქ დასრულდა და შემდეგ ეტაპზე ნიგერია გავიდა, რომელიც ფინალში პორტუგალიასთან 2:0 დამარცხდა. აღსანიშნავია რომ სალენკომ კარიერის მანძილზე მხოლოდ 9 საერთაშორისო მატჩი ითამაშა, ერთი უკრაინის ხოლო რვა რუსეთის ნაკრების შემადგენლობაში. 1994 წელს მან კამერუნის გარდა შვედეთსაც გაუტანა და 6 გოლით დიდების მსოფლიო ჩემპიონატზეც გახდა საუკეთესო ბომბარდირი (ხრისტო სტოიჩკოვთან ერთად). სალენკოს კარიერაში გამორჩეული კლუბები "დინამო კიევი", "ვალენსია" და "რეინჯერსი" იყო. კარიერა კი 2001 წელს პოლონეთში "პოგონში" დაასრულა. ამჟამად სალენკო უკრაინის ფეხბურთის ფედერაციაში მუშაობს.  

1991 წელი, პორტუგალია , სერგეი შერბაკოვი (საბჭოთა კავშირი)

1991 წლის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი 5 გოლის და მოპოვებული ბრინჯაოს მედლის შემდეგ შერბაკოვის კარიერა  ტრაგიკულად წარიმართა. დონეცკის "შახტარში" ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ იგი სერ ბობი რობსონმა "სპორტინგში" მიიწვია. კარგად ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ მას უბედური შემთხვევა მოუვიდა. კლუბიდან ბობი რობსონის წასვლისადმი მიძღვნილი ვახშმის შემდეგ შერბაკოვი შინ ბრუნდებოდა როდესაც ავტოავარიაში მოყვა. სამედიცინო დასკვნით მას თავის ქალა ჰქონდა გაბზარული და ხერხემლის მოტეხილობა სამ ადგილას აღენიშნებოდა. სერგეის კარიერა აქ დასრულდა და იქიდან მოყოლებული იგი შშმ პირთათვის განკუთვნილ ეტლს იყენებს. სერ ბობი რობსონის თქმით, რომ არა ეს საბედისწერო შემთხვევა შერბაკოვი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი იქნებოდა. შერბაკოვის კარიერა 22 წლის ასაკში დასრულდა. ამჟამად იგი სკაუტად მუშაობს და მოსკოვში ცხოვრობს.  

1993 წელი, ავსტრალია, ადრიანო გერლინ და სილვა (ბრაზილია)

ბრაზილიამ 1993 წელს მესამეჯერ მოიგო ახალგაზრდული მუნდიალი. ბომბარდირის წოდება კი შვიდმა ფეხბურთელმა - გიანმა (ბრაზილია), ადრიანომ (ბრაზილია), ანტე მილიჩიჩმა (ავსტრალია), ვისენტე ნეტომ (მექსიკა), კრის ფაკლარისმა (აშშ), ჰენრი ზამბრანომ (კოლუმბია), აუგისტინ აჰინფულმა (განა) გაიყო. ადრიანომ საუკეთესო ბომბარდირთან ერთად ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი პრიზიც მიიღო, ისევე როგორც 2 წლით ადრე 17 წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელის საკლუბო კარიერა სამწუხაროდ ვერ აეწყო, კარიერის მანძილზე ადრიანომ 18 კლუბში იასპარეზა, აქედან 1 წელზე მეტი მან მხოლოდ სამ კლუბში დაჰყო. კარიერა კი 2007 წელს "ატლეტიკო იუვენტუსში" დაასრულა, ისე რომ ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩიც კი არ ჩაუტარებია.

1995 წელი, ყატარი, ხოსება ეჩებერია (ესპანეთი) 

ეჩებერიას ფეხბურთის გულშემატკივრები ძალიან კარგად იცნობენ. "ბილბაოს" ლეგენდამ კლუბში 1995 - 2010 წლებში იასპარეზა და ბასკური კლუბის მაისურით ჩატარებული 462 მატჩში 87 გოლი გაიტანა და 29 საგოლე პასი გააკეთა. ესპანეთის ნაკრებში კი მან 53 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 12 გოლიც გაიტანა, აქედან ერთ-ერთი მან სლოვენიას 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე გაუტანა. ესპანეთმა 1995 წლის ახალგაზრდულ მუნდიალზე მეოთხე ადგილი დაიკავა, ეჩებერია კი 7 გოლით საუკეთესო ბომბარდირი გახდა, აღსანიშნავია მისი ჰეთ-თრიქი მეოთხედფინალში რუსეთთან 4:1 მოგებულ მატჩში. იმ წლის ნაკრებში ისეთი ვარსკვლავები თამაშობდნენ როგორებიც რაული, მორიენტესი, მიჩელ სალგადო და ივან დე ლა პენია იყვნენ. ეჩებერიამ საფეხბურთო კარიერა 2010 წელს დაასრულა, ამჟამად კი "ბილბაოს" სარეზერვო გუნდის მწვრთნელია.  

1997 წელი, მალაიზია, ადაილტონი (ბრაზილია)

ბრაზილიის ნაკრებმა მეოთხედფინალამდე გზა ტრიუმფალურად გაიარა. ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო, კორეა კი სულაც 10-3 დაამარცხა.  მერვედფინალში ბრაზილიელებმა ბელგიის ნაკრები 10-0 დაამარცხეს, თუმცა მეოთხედფინალში არგენტინასთან 2:0 დამარცხდნენ. სწორედ კორეასთან გატანილი 6 გოლი გახდა ადაილტონის ბომბარდირობის მთავარი განმაპირობებელი. ადაილტონ მარტინს ბოლზანი ევროპული და განსაკუთრებით იტალიური ფეხბურთის მოყვარულთათვის საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია. "ვერონაში" მან 176 მატჩში 52 გოლი გაიტანა. საერთო ჯამში კი მან ევროპაში "ვერონაში", "ბოლონიაში", "ვასლუიში", "ჯენოაში", "პსჟ"-ში და "პარმაში" ჩატარებულ 412 მატჩში 112 გოლი გაიტანა. კარიერა კი 2013 წელს, სამშობლოში "ჟუვენტუდში" დაასრულა. ადაილტონს ეროვნულ ნაკრებში არცერთი მატჩი არ აქვს ჩატარებული.  

1999 წელი, ნიგერია, პაბლო (ესპანეთი)

ესპანელებმა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი პირველად სწორედ 1999 წელს მოიგეს. პაბლომ  კი 5 გოლით ბომბარდირის წოდება მალელ მაჰამადუ დისასთან გაიყო. ფინალში კი იაპონიასთან 4:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი გაიფორმა. პაბლო კუნაგოს საკლუბო კარიერა ევროპის საშუალო დონის გუნდებში წარიმართა, გამორჩეულია მისი ასპარეზობა "იფსვიჩში". ინგლისურ კლუბში ჩატარებულ 231 მატჩში მან 60 გოლი გაიტანა და 20 საგოლე პასი შეასრულა. პაბლომ კარიერა მშობლიური ქალაქის, რედონდელას საფეხბურთო კლუბ "ჩოკოში" 2018 წელს დაასრულა. კუნაგოს ეროვნულ ნაკრებში შეხვედრა არ ჩაუტარებია.  

2001 წელი, არგენტინა, ხავიერ სავიოლა (არგენტინა)

არგენტინაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატი მასპინძლებისა და ხავიერ სავიოლას ნამდვილ ბენეფისად იქცა. სავიოლამ ტურნირზე 11 გოლი გაიტანა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც არავის დაუთმო. იმ წლებში სავიოლა მსოფლიოს ყველაზე იმედისმომცემ ცენტრფორვარდად ითვლებოდა, თუმცა საბოლოოდ მან მაინც ვერ ითამაშა ის ფეხბურთი, რასაც მისგან ელოდნენ. "ბარსელონა", "ბენფიკა", "მონაკო", "სევილია", "რეალი". ხავიერმა საკლუბო კარიერის 512 მატჩში 172 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში კი 40 მატჩში 11 გოლი გაიტანა. სავიოლამ კარიერა "რივერ პლეიტში" 2016 წელს დაასრულა. ამჟამად კი ბურთს ფუტზალის კლუბ "ენკამპში" აგორებს.  

2003 წელი, არაბეთის გაერთიანებული საამიროები, ფერნანდო კავენაგი (არგენტინა)

კავენაგი იმ ნაკრების კაპიტანი იყო, სადაც ხავიერ მასკერანო და კარლოს ტევესი ასპარეზობდნენ. არგენტინელებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ვერ შეინარჩუნეს, და საბოლოოდ მეოთხე ადგილი დაიკავეს. კავენაგიმ ბომბარდირის წოდება ბრაზილიელ დუდუსთან, აშშ-ს წარმომადგენელ ედი ჯონსონთან და იაპონელ დაისუკე საკატასთან გაიყო, ყველა მათგანმა 4 გოლი გაიტანა. კავენაგიმ ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა, ისიც უგოლოდ. კავენაგი არგენტინაში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფორვარდად ითვლებოდა, "რივერ პლეიტის" აღზრდილი მშობლიურ კლუბში ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ მოსკოვის "სპარტაკმა" შეიძინა რასაც "ბორდო" და "ინტერი" მოჰყვა. თუმცა ფერნანდომ ევროპაში ვერ გაამართლა და სამშობლოში დაბრუნდა, "რივერ პლეიტში" წარმატებული დაბრუნების შემდეგ ფერნანდომ კარიერის აწყობა "ვილიარეალში" სცადა მაგრამ უშედეგოდ. ერთ დროს უნიჭიერესმა ფორვარდმა კარიერა 2016 წელს, კვიპროსულ "აპოელში"დაასრულა.  

2005 წელი, ჰოლანდია, ლიონელ მესი (არგენტინა)

ლიონელ მესის კარიერაზე ბევრს არ ვისაუბრებთ. 2005 წელს ჰოლანდიის სტადიონებზე ლეომ გაიბრწყინა, საუკეთესო ბომბარდირთან ერთად (6 გოლი) მესი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეც გახდა. არგენტინამ კი ფინალში ნიგერია სწორედ უცხოპლანეტელის დუბლის წყალობით დაამარცხა და ამ ასაკში მსოფლიო ჩემპიონი მეხუთედ გახდა. აღსანიშნავია რომ ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ისეთი ვარსკვლავები გამოჩნდნენ როგორებიც, ფერნანდო ლორენტე, დავიდ სილვა, რადამელ ფალკაო, რაიან ბაბელი და სხვები არიან.  

2007 წელი, კანადა, სერხიო აგუერო (არგენტინა)

ისევე როგორც წინა შემთხვევაში, აქაც არ დავწვრილმანდებით სერხიოს კარიერის თხრობით, ის დღესდღეობით მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდია. 2007 წელს კი არგენტინა ზედიზედ მეორედ, სულ კი მეექვსეჯერ და ჯერჯერობით ბოლოჯერ გახდა ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული. ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი კი სერხიო აგუერო გახდა, რომელიც იმ დროს უკვე მადრიდის "ატლეტიკოს" ღირსებას იცავდა.  სერხიომ გოლი ფინალში ჩეხეთთან 2:1 მოგებულ მატჩშიც გაიტანა, სულ კი ტურნირზე 6 გოლი დაუგროვდა რითიც ესპანელ ადრიან ლოპესს 1 გოლით გაასწრო.  

2009 წელი, ეგვიპტე, დომინიკ ადია (განა)

ეგვიპტეში განელებმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს, საჩემპიონო გზაზე  განელებმა ურუგვაი და ინგლისი ჩამოიშორეს, ფინალში კი ბრაზილიელებს პენალტების სერიაში სძლიეს. ტურნირის ნამდვილი აღმოჩენა გახლდათ დომინიკ ადია. 8 გოლით იგი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი და საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ადიამ მერვედფინალში ერთ გოლი გაიტანა, ხოლო მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში დუბლები გაიფორმა, ასევე გაიტანა ფინალურ პენალტების სერიაშიც და დიდწილად განაპირობა საკუთარი გუნდის ჩემპიონობა. სამწუხაროდ ადიას საფეხბურთო კარიერა წარმატებული ვერ გამოდგა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მალევე განელი "მილანმა" შეიძინა, თუმცა ადიას სამ წელიწადში არც ერთი ოფიციალური მატჩი არ უთამაშია. შემდეგ იყო თურქეთის, უკრაინის და ყაზახეთის ჩემპიონატები ასევე მეტ-ნაკლებად წარმატებული ასპარეზობა ტაილანდურ "ნაკჰონში". ამჟამად 29 წლის ადია ტაილანდში "სისაკეტის" ღირსებას იცავს, განის ნაკრებში კი 2013 წლიდან აღარ უთამაშია, სულ ეროვნულ გუნდში მას 20 მატჩში გატანილი 4 გოლი უფიქსირდება,

2011 წელი, კოლუმბია, ენრიკე (ბრაზილია)

ენრიკე ალმეიდა კაიხეტა ნაშენტეშმა საუკეთესო ბომბარდირის ტიტული ალექსანდრე ლაკაზეტთან და ალვარო ვასკესთან გაიყო, თუმცა საუკეთესო ფეხბურთელის წოდება არავის დაუთმო და ბრაზილიელთა ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი გახდა. ოსკარი, ვილიანი, კაზემირო, ალექს სანდრო 2011 წლის ბრაზილიის ნაკრები ვარსკვლავთა სიმცირეს არ უჩიოდა. ფინალში პორტუგალიასთან 3:2 მოგებულ მატჩში ჰეთ-თრიქი ოსკარმა შეასრულა. მიუხედავად კარიერის დასაწყისში მიღწეული წარმატებებისა ენრიკეს მთელი კარიერა ძირითადად იჯარით განათხოვრებას მოიცავს. "სან პაოლოდან " ესპანეთის დაბალი ლიგის კლუბები, შემდეგ უკან სამშობლოში, სადაც 2016 წელს გრემიოში ჩაირიცხა თუმცა კლუბში მხოლოდ 17 მატჩი ითამაშა. ამჟამად ენრიკე ალმეიდა პორტუგალიურ "ბელენენსეშსია" განათხოვრებული.

2013 წელი,  თურქეთი, ებენზერ ასიფუა (განა)

2013 წლის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული პოლ პოგბასა და სამუელ უმტიტის საფრანგეთმა მოიპოვა, საუკეთესო ფეხბურთელიც სწორედ პოგბა გახდა. თუმცა აქვე უნდა აღინინიშნოს განელთა, კერძოდ ებენზერ ასიფუას ასპარეზობა. ახალგაზრდა განელი 6 გოლით ტურნირის საუკეთესო მეგოლე გახდა, მისმა ნაკრებმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. ამ მიღწევის შემდეგ ასიფუა შვეიცარიულ "სიონში" გადავიდა სადაც 4 წელი დაჰყო, ბოლო ორი წელია კი ფრანგულ "ლე ავრში" აგორებს ბურთს. ასიფუამ განის ეროვნულ ნაკრებში ერთი მატჩი ჩაატარა, 2016 წელს მოზამბიკის წინააღმდეგ.      

2015 წელი , ახალი ზელანდია, ვიქტორ კოვალენკო (უკრაინა)

  2015 წელს ახალ ზელანდიაში სერბეთის შესანიშნავი ნაკრები გაჩემპიონდა, საუკეთესო ბომბარდირი კი ბენცე მერვოსთან ერთად 5 გოლით უკრაინელი ვიქტორ კოვალენკო გახდა. აღსანიშნავია რომ კოვალენკომ ხუთივე გოლი ჯგუფური ეტაპის ორ მატჩში გაიტანა, სადაც აშშ-ს ჰეთ-თრიქი შეუსრულა ხოლო მიანმარს ორი გოლი გაუტანა. უკრაინელები მერვედფინალში, სენეგალთან პენალტების სერიაში დამარცხდნენ. კოვალენკო დონეცკის "შახტარის" აღზრდილია და 2015 წლიდან დღემდე კლუბში ჩატარებულ 161 მატჩში 26 გოლი გაიტანა.    

2017 წელი, სამხრეთ კორეა, რიკარდო ორსოლინი (იტალია)

  იტალიელები ნახევარფინალში მომავალ ჩემპიონებთან ინგლისთან დამარცხდნენ. ორსოლინიმ იმ მატჩშიც მოახერხა გოლის გატანა. საბოლოოდ "აძურამ" მესამე ადგილი დაიკავა, ორსოლინიმ კი ტურნირზე 5 გოლის გატანა მოახერხა. რიკარდო "ასკოლის" აკადემიის აღზრდილია, ჩემპიონატის შემდეგ ორსოლინი "იუვენტუსმა" შეიძინა და ჯერ "ატალანტაში" შემდეგ კი "ბოლონიაში" გაანათხოვრა. 22 წლის ფორვარდს "ბოლონიაში" 45 მატჩში 10 გოლი აქვს გატანილი და 6 საგოლე პასი გაკეთებული.            

სხვა სტატიები