ევროპა, მსოფლიო და ოლიმპიადა საქართველოს დროშით - შესანიშნავი შვიდეული
გუშინ გენო პეტრიაშვილმა ნანატრი ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა და გახდა მე-10 ქართველი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ვისაც ოლიმპიური ოქრო აქვს. ზედიზედ მესამე ჩემპიონობა იზეიმა ლაშა ტალახაძემაც და პარიზში ერთ დღეს, საქართველოს ჰიმნი 2-ჯერ აჟღერდა.
ჩვენი 10 ოლიმპიური ჩემპიონიდან შვიდია ისეთი, რომლებმაც 3 მთავარი ინდივიდუალური ჯილდო ერთ კოლექციაში გააერთიანეს. პირველად ეს ძალოსანმა გიორგი ასანიძემ მოახერხა.
გიორგი ასანიძე (ძალოსნობა)
ასანიძე ოლიმპიური ჩემპიონი 2004 წელს, ათენში გახდა. მანამდე მას უკვე მოგებული ჰქონდა ევროპის ჩემპიონატები (სოფია 2000, ტრენჩინი 2001 და ანტალია 2002) და მსოფლიო ჩემპიონატი 2001 წელს (ანტალია).
მანუჩარ კვირკველია (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა)
მანუჩარმა ოლიმპიური ოქრო პეკინის ოლიმპიადაზე, 2008 წელს მოიპოვა. თითოჯერ კი ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონია. ევროპა სოფიაში 2007 წელს მოიგო, მსოფლიო კი კრეტეიში 2003 წელს. ამის გარდა არის ევროპის ვიცე ჩემპიონი და მესამეადგილოსანიც, მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვს ბრინჯაოს 2 მედალი.
რევაზ მინდორაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
პეკინის 2008 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი. 2003 წელს რიგაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 2005 წელს ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.
ლაშა შავდათუაშვილი (ძიუდო)
ლაშამ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზეც იჭიდავა. მას 4 ოლიმპიადაზე სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, ოქრო რიოში 2012 წელს, ვერცხლი ლონდონში 2016 წელს, ხოლო ბრინჯაო ტოკიოში 2020 წელს. ბუდაპეშტი მისთვის ბედნიერი ქალაქია, რადგან სწორედ აქ მოიგო 2013 წელს ჯერ ევროპის ჩემპიონატი, 2021 წელს კი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
რიო დე ჟანეორიოს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი. სამივე სინჯის მედალი მსოფლიო ჩემპიონატებზე, მათ შორის ჩემპიონობა 2015 წელს ლას ვეგასში. 2014, 2016 და 2017 წლებში სამჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი.
ლაშა ტალახაძე (ძალოსნობა)
ლაშა ერთადერთი სპორტსმენია, რომელსაც საქართველოს დროშით 3-ჯერ აქვს მოპოვებული ოლიმპიური ოქროს მედალი. ზედიზედ 3 ოლიმპიური ჩემპიონობა, 7-გზის მსოფლიო და 7-გზის ევროპის ჩემპიონობა ტალახაძეზე ყველაფერს ამბობს.
გენო პეტრიაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა)
გენო პეტრიაშვილს ახლა უკვე სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს. რიო, ტოკიო და პარიზი - შესაბამისად, ბრინჯაო, ვერცხლი და ოქრო. 2017, 2018 და 2019 წლებში ზედიზედ სამჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, ევროპის ცემპიონატი კი 2-ჯერ - 2016 და 2020 წლებში მოიიგო.
ზემოთ ჩამოთვლილ სპორტსმენთა უმრავლესობის ანგარიშზე მსოფლიოსა და ევროპის უამრავი ვიცე-ჩემპიონობა და მესამე ადგილია.
ლაშა ბექაური, რომელიც უკვე 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონია, 2021 წლის ლისაბონის ევროპის ჩემპიონატის ოქროსაც ფლობს, თუმცა კოლექციამდე მსოფლიო ჩემპიონობა აკლია.
2004 წლის ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული, ზურაბ ზვიადაური ორჯერ არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონატზე კი ბრინჯაოს მედალს ფლობს.
მსოფლიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონს, ირაკლი ცირეკიძეს ამ კოლექციის შეკვრამდე მხოლოდ ევროპის ჩემპიონობა დააკლდა, რასთანაც 2007 წელს ძალიან ახლოს იყო - ის ბელგრადში ვერცხლისმედალოსანი გახდა.