ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი: დღე IV – გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონია, მორიგი ოქრო იაპონიას
დღეს, 9 ოქტომბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე ჩატარდა. ტატამზე მამაკაცებში -81 კგ, ქალებში კი -63 კგ წონითმა კატეგორიებმა იასპარეზეს.
2022 წლის ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, -81 კგ წონით კატეგორიაში, მონაწილეობა ტატო გრიგალაშვილმა მიიღო, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული კარიერაში პირველად მოიპოვა. ტატომ ფინალში ბელგიელი მსოფლიო ჩემპიონი - მატიას კასე დაამარცხა.
ეს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი იყო.
-81 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები
-81 კგ წონით კატეგორიაში, A ბადის გამარჯვებული ტატო გრიგალაშვილი გახდა, რომელმაც 1/4-ფინალში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, იაპონელი - ტაკანორი ნაგასე დაამარცხა.
B ბადის გამარჯვებული კი 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, წარმოშობით ირანელი, თუმცა აზერბაიჯანის სახელის მოასპარეზე - საიდ მოლაი გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში სამხრეთ კორეელ – იონჰვან ლის აჯობა.
C ბადეში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნავარაუდები იყო. მსოფლიოს მეორე ნომერმა, მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, ბელგიელმა – მატიას კასემ, მარტივად მოიგო საკუთარი ბადე და ნახევარფინალში გავიდა.
D ბადეში კი დიდი ბრძოლები გაიმართა. ბადის გამარჯვებული იტალიელი – სოტარო ფუჯივარა გახდა. ფუჯივარამ ჯერ სამხრეთ კორეელი სპორტსმენი დაამარცხა, პორტუგალიელი, 1/8 ფინალში უზბეკ – შაროფიდინ ბოლტაბოევს აჯობა, 1/4 ფინალში კი უნგრელ – ატილა უნგვარს.
პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს იაპონიისა და ბელგიის წარმომადგენლები შეხვდვნენ. მეორე ნახევარფინალში კი ქართულ-აზერბაიჯანული დაპირისპირება შედგა.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, -81 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართულ-ბელგიური დაპირისპირება, ზედიზედ მეორედ შედგა. ოქროს მედალს ქართველი – ტატო გრიგალაშვილი დაეუფლა. ვერცხლის მედალი ბელგიელმა – მატიას კასემ მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მედლებს აზერბაიჯანელი – საიდ მოლაი და იაპონელი – ტაკანორი ნაგასე დასჯერდნენ.
-63 კგ წონით კატეგორიის მედალოსნები
A ბადეში "მინი" სენსაცია მოხდა. 1/4 ფინალში წონის პირველი ნომერი, ბრიტანელი - ლუსი რენშალი, იაპონელ – მეგუმი ჰორიკავასთან დამარცხდა.
B ბადეში საკმაოდ დიდი სენსაცია მოხდა. მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერმა, პორტუგალიელმა - ბარბარა ტიმომ, ძალიან მარტივად გაიარა ბადე და 1/2- ფინალში გავიდა.
C ბადეში ამ წონითი კატეგორიის მესამე ნომერმა, კანადის წარმომადგენელმა – კატერინა ბუჩემინ-პინარმა გაიმარჯვა.
D ბადის გამარჯვებული კი ფრანგი – მანონ დეკეტერი გახდა, რომელმაც 1/4 ფინალში რუმინელი – ფლორენტინა ივანესკუ დაამარცხა.
ნახევარფინალური დაპირისპირება
პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება, იაპონელ – მეგუმი ჰორიკავასა და პორტუგალიელ – ბარბარა ტიმოს შორის გაიმართა, სადაც დრამატულ ბრძოლაში იაპონელმა ძიუდოისტმა გაიმარჯვა და ფინალის საგზური მოიპოვა. მეორე ნახევარფინალურ დაპირისპირებაში კი კანადელმა – კატერინა ბუჩემინ-პინარმა , ფრანგი - მანონ დეკეტერი დაამარცხა.
საბოლოოდ ოქროს მედალი იაპონელმა – მეგუმი ჰორიკავამ მოიგო. ვერცხლის მედალს დასჯერდა, კანადელი – კატერინა ბუჩემინ-პინარი. ბრინჯაოს პრიზიორები კი, ფრანგი– მანონ დეკეტერი და პორტუგალიელი – ბარბარა ტიმო გახდნენ.