Belive

დინამო თბილისი იადრანს დაუპირისპირდება | ყველაფერი, რაც მეტოქის შესახებ უნდა ვიცოდეთ

3 წლის წინ სხვა
3 წთ
დღეს, 9 ნოემბერს, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის მე-2 ტური გაიმართება. „დინამო თბილისი“ ე.წ. „სიკვდილის ჯგუფშია“ წარმოდგენილი და უძლიერეს „ოლიმპიაკოსთან“ მარცხის (20:9) შემდეგ, ამჯერად ხორვატულ „იადრანს“ დაუპირისპირდება. Total Waterpolo-ს შეფასებით, ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შედეგად მოხვედრილი „იადრან სპლიტი“ ამ მატჩის გამოკვეთილი ფავორიტია. ისიც აღსანიშნავია, რომ ხორვატული კლუბი, პირველ მატჩში, „ბარსელონეტასთან“ ანგარიშით 11:6 დამარცხდა და უმნიშვნელოვანესი 3 ქულისთვის არაფერს დათმობს. გუნდის მთავარი მწვრთნელის, მილე სმოდლაკას სიტყვებში სწორედ ეს განწყობა იკითხება:
„ჩვენთვის, დღევანდელი თამაში 3 ქულის მოპოვების შესანიშნავი შესაძლებლობაა. გამარჯვების გარდა, ნებისმიერი შედეგი კრახი იქნება“, - აღნიშნა მან.
„ბარსელონეტასთან“ თამაშის შემდეგ, სმოდლაკა განიავებულ მომენტებზეც საუბრობდა - მისი თქმით, უცნობი მიზეზიდან გამომდინარე, მისი გუნდი უტევდა, შეეძლო გამარჯვების მოპოვება და საბოლოოდ, მეტოქის კარგი დაცვისა და მომენტების ვერგამოყენების ხარჯზე, გამარჯვება ესპანურ კლუბს დარჩა. "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტის, ზუკა რურუას შეფასებით, "იადრან სპლიტი" გამოცდილი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, რომელიც სისწრაფით, კონტრ-შეტევებზე თამაშითა და გამძლეობით არ გამოირჩევა. მისი ვარაუდით, "იადრანი" "დინამოსთან" აქცენტს ტაქტიკურ თამაშზე გააკეთებს, თუმცა "დინამო თბილისის" მთავარი კოზირი სწორედ ახალგაზრდული ენერგია, ტემპი და გამძლეობა, მეტოქის დამარცხების იარაღი კი "დინამოს" ტემპით თამაში უნდა გახდეს.

მოკლედ, იადრანის შესახებ

26 ოქტომბერს, „ბარსელონეტასთან“ მარცხის შემდეგ, ხორვატიის ჩემპიონატში, „სპლიტმა“ 2 მატჩი გამართა და 2 გამარჯვება მოიპოვა (12:8, 24:5). შედარებისთვის, გეტყვით, რომ „დინამო თბილისს“ ამ პერიოდში სპარინგ-პარტნიორი არ ჰყოლია. მეტიც, ივნისის შემდეგ, გუნდმა სულ 1 ოფიციალური შეხვედრა გამართა („ოლიმპიაკოსი“), საბერძნეთში ჩასვლამდე კი, თურქეთში „ენკას“ სპარინგ-მატჩი ეთამაშა. ბოლო 4 წლის განმავლობაში, "იადრანი" ჩემპიონთა ლიგაზე მესამედ ასპარეზობს. გუნდს ისტორიული მაქსიმუმი 90-იან წლებში ჰქონდა, როდესაც ტურნირის მოგება ზედიზედ 2-ჯერ შეძლო (1992, 1993). ამის შემდეგ, "იადრანი" განსაკუთრებული შედეგებს ვერ მიაღწია, თუმცა ზაფხულში, გუნდი მნიშვნელოვნად გადახალისდა. „იადრანმა“ სატრანსფერო ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი აქტივობა აჩვენა და გუნდი ისეთი მოთამაშეებით გააძლიერა, როგორებიც არიან ხორვატული წყალბურთის ამომავალ ვარსკვლავად მიჩნეული მატე ანიჩი, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბომბარდირი, კონსტანტინ ხარკოვი, ხორვატი ვეტერანი ნიკშა დობუდი და 2016 წლის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი ლუკა ბუკიჩი არიან.

შეჯამება

საბოლოო შეფასებით, შეგვიძლია გითხრათ, რომ „იადრანი“ ტურნირის ფავორიტი ნამდვილად არ არის, თუმცა ხორვატული კლუბისგან იგრძნობა ის პოტენციალი, რომ მას ნებისმიერ მეტოქესთან ბრძოლა შეუძლია. ამ კონტექსტით, „იადრანსა“ და „დინამოს“ შორის საინტერესო მატჩი გველოდება, რადგან ერთი მხრივ, „იადრანს“ უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვება სჭირდება, „დინამო თბილისს“ კი გამარჯვების გაცილებით მეტი შანსი აქვს, ვიდრე მაგალითად, „ოლიმპიაკოსთან“ ჭიდილში. შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 22:00-ზე დაიწყება, ტრანსლაციის ხილვა კი Live.ge-ის Facebook-გვერდსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის საშუალებით შეგეძლებათ.

სხვა სტატიები