Belive

დინამო თბილისის წყალბურთის აკადემიას ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს

6 დღის წინ სხვა
1 წთ

ტიტულოვანი კლუბის, დინამოს აკადემიაში ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა - წყალბურთის კლუბ დინამო თბილისის კაპიტანი რეზი იმნაიშვილი ახალი სეზონიდან აკადემიის სპორტული დირექტორი იქნება.

6 წლის განმავლობაში, რეზი საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანი იყო და ქართული წყალბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშეა. ახალ პოზიციაზე ის აკადემიის სპორტული მიმართულების განვითარებას, ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის კიდევ უფრო ძლიერი სპორტული გარემოს შექმნასა და მსოფლიოს წამყვანი აკადემიების საუკეთესო სტანდარტების დანერგვის პროცესს უხელმძღვანელებს.

ახალი როლის, აკადემიის განვითარების ხედვისა და კარიერის შესახებ, რეზი იმნაიშვილი belive-ის ესაუბრა და საინტერესო სიახლეეები დააანონსა.

ახალი საქმიანობისა და როლის შეთავსება ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იმ თვალსაზრისით რომ ჩვენ აქ ახალგაზრდა, მომავალ თაობაზე ვსაუბრობთ, პატარა დინამოელებსა და მათ განვითარებაზე.

დინამოს აკადემიას არაერთხელ დაუმტკიცებია, რომ აქ ბავშვები სწორად ვითარდებიან, თუმცა, მოქმედი სპორტსმენების ჩართულობა აკადემიას კიდევ უფრო დაეხმარება. მხოლოდ ჩემი სახით არა, ხშირად დინამო თბილისის გუნდის მოთამაშეები მასტერკლასებს უტარებენ ბავშვებს, ამას უკვე წლებია ვაკეთებთ.

მინდა გულშემატკივარს ვუთხრა, რომ ვრჩები სპორტში და სპორტულ კარიერას ახალ მიმართულებასაც შევუთავსებ. ვფიქრობ, ერთი მეორე ხელს არ შეუშლის, პირიქით დაეხმარება. ჩემთვის ეს ნაბიჯი პირველ რიგში ახალი გამოწვევაა. ორი როლია, თუმცა, ერთი დიდი მიზანი და ეს მიზანი გამარჯვებისკენ სწორი განვითარებით სვლაა. -
დინამოში ამბიციები ყოველთვის რეალობიდან გამომდინარე გვქონდა და, რა თქმა უნდა, დინამო თავისი ისტორიიდან და შედეგებიდან გამომდინარე ამბიციური გუნდია. ასე იქნება აკადემიაშიც, აკადემია იზრდება, ვითარდება, უფრო მეტს სწავლობს და რა თქმა უნდა, უფრო მეტი და დიდი მიღწევები გვაქვს მიზნად.

როგორც დინამო თბილისის კაპიტანს, ვიტყოდი რომ წელს კლუბი გაახალგზრდავდა ბევრი ახალგაზრდა დინამოელი დაგვემატა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აკადემიის სწორ განვითარებას. ის ბავშვები, ვისაც აკადემიის განვითარების გზა აქვთ გავლილი წელს დინამოში ითამაშებენ.

აკადემია წელს რამდენიმე ახალ ტურნირში მიიღებს მონაწილეობას, საშუალება გვექნება დავამტკიცოთ ჩვენი სიძლიერე და ვნახოთ სად ვართ ევროპის უძლიერეს კლუბებთან მიმართებით. ასევე საქართველოს ჩემპიონატში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში პირველობის დაბრუნება გვსურს და TOMO turnament-ზე უკეთესი შედეგის დაფიქსირება.

კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს, თუმცა აჯობებს ყველაფერზე შედეგებმა ისაუბროს და ჩვენც სეზონის ბოლოს შევაჯამოთ. - რეზი იმნაიშვილი.

როგორც აღვნიშნეთ, რეზი იმნაიშვილი ქართული წყლაბურთის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელია - პროფესიონალური საკლუბო კარიერის განმავლობაში, დინამო თბილისის გარდა, მას უნგრეთის, სლოვაკეთისა და იტალიის კლუბებში უთამაშია.

29 წლის წყალბურთელი ახლა უკვე საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას დინამო თბილისის აკადემიაში, მომავალი თაობისთვის კიდევ უფრო ძლიერი სპორტული გარემოს შექმნას მოახმარს.