Belive

"ჩემპიონთან ღირსეულ მარცხს იგემებ, რომელიც არავის დაავიწყდება" - თოფურია ჰოლოუეის

8 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 300-ზე საოცარი ბრძოლისა და BMF-ის ქამრის მოპოვების შემდეგ მაქს ჰოლოუეიმ ილია თოფურია გამოიწვია. "დალოცვილმა" განაცხადა თითქოს ილია მისგან გარბოდა. რამდენიმე დღის წინ კი, არიელ ელვანისთან ინტერვიუში "მატადორმა" თქვა, რომ ვოლკანოვსკიმდე სწორედ ჰოლოუეისთან დაპირისპირებას ითხოვდა. ჰავაიელმა მებრძოლა ისიც განაცხადა, რომ თოფურიას კითხვები არსებობს და ჯერ ისეც ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

მებრძოლები უკვე დიდი ხანია "საქმეს შეუდგნენ" და სოციალურ ქსელში ამ ბრძოლის მიმართ ყურადღების გაათმაგებას ცდილობენ. საკუთარ X-ის გვერდზე ქვემსუბუქი წონის ქართველმა ჩემპიონმა, თავის პოტენციურ მეტოქეს ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

ჩემს მიმართ ერთადერთი კითხვა არის, მოგიგებ ნოკაუტით თუ საბმიშენით. მე დავამარცხე ბიჭი რომელმაც შენ არა ერთხელ, არა ორჯერ, არამედ სამჯერ გცემა. შენ ახლა ერთადერთი რამ გაქვს, რაც აქტუალურობას გინარჩუნებს და მაღალანაზღაურებად ბრძოლასაც მოგიტანს - BMF-ის ქამარი. მე უკვე თანხისთვის აღარ ვიბრძვი, არამედ მემკვიდრეობისთვის. ჩემპიონის რანგში ამ ტიტულის მოგება ჩემს პირველობას უფრო გაამყარებს. პირველი ვიქნები, ვისაც ორივე ქამარი ექნება. პირველი ვიყავი ვინც ვოლკი დაანოკაუტა და შენს შემთხვევაშიც ასე იქნება. პირველი ვიქნები ვინც თვალებში შუქს ჩაგიქრობს. რაღაცას გეტყვი რაც დაგამშვიდებს: ღმერთი არავის არცხვენს. ჩემპიონთან ღირსეულ მარცხს იგემებ, რომელიც არავის დაავიწყდება. მე ვწყვეტ ვინ, როდის და სად. თუ პირობები არ მოგწონს, დარწმუნებული ვარ, ორტეგა თანახმა იქნება. - წერს ილია საკუთარ X-ის გვერდზე

"დალოცვილმა" 14 აპრილს ჯასტინ გეიჯისთან საოცარი ბრძოლა გამართა. ჰავაიელმა მოწინააღმდეგე ბოლო რაუნდის ბოლო წამზე საოცარი ნოკაუტით გათიშა. მაქსმა თოფურია სწორედ ამის შემდეგ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თოფურიამ ქვემსუბუქი წონის ქამარი 17 თებერვალს მოიპოვა. მისი მოწინააღმდეგე ლეგენდარული ავსტრალიელი მებრძოლი ალექს ვოლკანოვსკი იყო.

სხვა სტატიები