Belive

ამირან გოგოლაძე: "მერაბის სახლში ყოველთვის ქართული სული ტრიალებს"

3 დღის წინ სხვა
1 წთ

2025 წლის პირველი ქართული ბრძოლა მოგვიახლოვდა. მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის ჩხუბამდე სულ რაღაც 2 დღე რჩება. ამ დაპირისპირების მიმართ ინტერესი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიან MMA-ს სამყაროშიც არსებობს. სპორტსმენები კამერებთან ხშირად ჩანან და სოციალურ ქსელებშიც საკმაოდ აქტიურები არიან. მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესოა ის მომენტები, რომელიც კამერებს მიღმა რჩება. ამის გასაგებად კი ამირან გოგოლაძე დაგვეხმარება, რომელიც მერაბ დვალიშვილთან ერთად ცხოვრობს, ვარჯიშობს და შიდა სამზარეულოში შეგვახედებს.

- როგორ მიდის მერაბის წონის კლება და პროცესში რაიმე პრობლემა ხომ არ შექმნია?

- მერაბის წონის კლება კარგად მიდის და სულ რამდენიმე კილოგრამი აქვს დარჩენილი. 2 დღეა წყლის მიღება შეწყვეტილი აქვს და ხვალ დილის 9 საათზე წონას ჩააბარებს. ყველაფერი კარგად მიდის!

- როგორი ატმოსფეროა სახლში, როდესაც ყველანი ერთად იკრიბებით და მომავალ ბრძოლაზე საუბრობთ?

- სახლში ნამდვილი ქართული ატმოსფეროა შექმნილი. ქართულ მუსიკებს ძალიან ხშირად ვუსმენთ და ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს ვუზიარებთ. გარდა ამისა, ყოველთვის ჩართულია MMA-ს ბრძოლები, რომელსაც შემდეგ განვიხილავთ. მოკლედ რომ ვთქვათ, სახლში ნამდვილი ქართული სული ტრიალებს!

- როგორ ამხნევებთ მერაბს ფსიქიკურად და ემოციურად სტრესული კვირის განმავლობაში?

- სანამ ეს ბოლო, რთული საბრძოლო კვირა დაიწყებოდა, სავარჯიშოდ მთებში დავდიოდით და მერაბის მაქსიმალურად გამხნევებას ვცდილობდით. მაგრამ, როცა წონის კლების რთული პერიოდი იწყება, მას საკუთარ თავთან ყოფნა და განმარტოება ურჩევნია. რა თქმა უნდა, ჩვენც ვცდილობთ ნაკლებად შევაწუხოთ და დამატებით არაფერზე ვაფიქროთ. მოკლედ, მერაბი მარტო არის საკუთარ თავთან დარჩენილი და წონის კლებას მარტო ებრძვის.

- რთული ვარჯიშების შემდეგ როგორ იღდგენს მერაბი ძალებს და რაიმე განსაკუთრებული საშუალებით თუ ახერხებს განტვირთვას?

- როგორი რთული ვარჯიშიც არ უნდა გვქონდეს, მერაბი ყოველთვის ენერგიულადაა. დილის ვარჯიშების შემდეგ, ყველანი ერთად UFC PI-ში მივდივართ და ერთად ვსაუზმობთ. საღამოს კი, სახლში მთელი გუნდი ერთად ვვახშმობთ და განვლილ დღეს განვიხილავთ.

- გამარჯვების შემდეგ როგორ აპირებთ აღნიშვნას?

- ჯერჯერობით, დაგეგმილი არაფერი გვაქვს. მაგრამ, ბრძოლის შემდეგ აუცილებლად წავალთ სადმე და მერაბის გამარჯვებას ვიზეიმებთ. - ამირან გოგოლაძე

მერაბ დვალიშვილისა და უმარ ნურმაგომედოვის დაპირისპირება ლოს ანჯელესში გაიმართება. ჩხუბი ოფიციალურად 18 იანვარს არის ჩანიშნული, თუმცა, თბილისის დროით 19 იანვარს დაიწყება. მთავარი ბრძოლები დილის 7 საათიდან დაიწყება და მერაბს თანამთავარ ჩხუბში ვიხილავთ.

სხვა სტატიები