არბუზოვმა 90 კგ-ში იასპარეზა და მალაგის ღია პირველობა მოიგო
ესპანეთში ჩატარებულ ტურნირზე (მალაგას ევროპის თასი), ტატამიზე 2-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებულმა გელა ზაალიშვილმა, ოქროს მედალი მოიპოვა.
26 წლის ქართველმა სპორტსმენმა 4 ორთაბრძოლა ჩაატარა და ოთხივეში იპონით გაიმარჯვა (+100 კგ). წინასწარ შეხვედრებში, ზაალიშვილმა ჯერ ბრიტანელ ჯეიმს უელერ-ჰენრის სძლია, შემდეგ კი ადგილობრივ როდრიგო გარსია როხას. ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ზაალიშვილმა თურქი, მუნირ ერტუგი დააიპონა, ფინალში კი ნეიტრალური დროშით მოასპარეზე ადნან ხანკანი დაამარცხა.
ეს ტურნირი კიდევ მრავალმხრივ იყო საინტერესო, კერძოდ, უძლიერესმა ძიუდოისტებმა საკუთარი ძალები სხვა წონით კატეგორიებში დატესტეს - მაგალითად, 2025 წლის მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა, ნეიტრალური დროშის ქვეშ მოასპარეზე რუსმა ძიუდოისტმა - ტიმურ არბუზოვმა, 90 კგ-ში იჭიდავა და ტურნირი ძალიან მარტივად მოიგო.
არბუზოვმა ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან იტალიელ სპორტსმენთან დაიწყო, შემდეგ ესპანელ დანიელ ნიეტო ტრინიდადს აჯობა, 1/4-ფინალში კი გერმანელ - ლასე შრევიერს მოუგო. 1/2-ფინალში მან ქართველი - მიხაილ კუპრაშვილი დაამარცხა, ფინალში კი თურქ - ომერ აიდინს ოქროს მედალი მოუგო და 90 კგ წონით კატეგორიაში, კარიერაში პირველად მოიგო ოქროს მედალი.
შეგახსენებთ, რომ არბუზოვმა 2025 წელს 81 კგ წონით კატეგორიაში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა იზეიმა. ჩვენდა სამწუხაროდ, ფინალში მან ორივეგან ტატო გრიგალაშვილი დაამარცხა.