ამირან გოგოლაძემ ქართველების მომავალ ბრძოლებზე ისაუბრა
10 თვის წინ
სხვა
1 წთ
OKTAGON MMA-ის ქართველ მებრძოლს ამირან გოგოლაძეს, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის მომავალ ჩხუბებზე ვკითხეთ. "სნაიპერი" ორივე შემთხვევაში დარწმუნებულია, რომ ქართველები ოქტაგონს გამარჯვებულები დატოვებენ.
- თქვენი აზრით, რა იქნება ილიას მთავარი იარაღი ვოლკანოვსკის წინააღმდეგ.
- ჩემი აზრით, ამ ბრძოლაში ილიას მთავარი იარაღი მისი მძიმე ხელები და კონტრდარტყმები იქნება. თოფურია მოწინააღმდეგის შეტევისთანავე აბრუნებს მძიმე და აქცენტირებულ დარტყმებს. ვფიქრობ, ილია ვოლკანოვსკის თავს მიწვდება და შედეგიც არ დააყოვნებს.
- ბოლო ბრძოლაში ვოლკანოვსკიმ საკმაოდ მძიმე ნოკაუტი იწვნია. როგორ ფიქრობთ, ამ ყველაფერს ბრძოლაზე გავლენა ექნება თუ არა?
- ვოლკანოვსკი ელიტური ათლეტია. მას ბევრი ბრძოლა აქვს ჩატერებული და შესაბამისად, ბევრი დარტყმაც მიუღია. მახაჩევთან განცდილი ნოკაუტი ილიასთან ბრძოლაში აუცილებლად გამოიღებს შედეგს და ეს პირველ ყოვლისა მის გამძლეობას დაეტყობა.
- როგორც ვიცით, სეხუდო მოჭიდავეა, მერაბის ბრძოლის სტილიც ჭიდაობაა. რა ტაქტიკით უნდა წაიყვანოს დვალიშვილმა ჩხუბი?
- ჩემი აზრით, მერაბი უნივერსალური მებრძოლია. მისი გამძლეობიდან გამომდინარე შეუძლია ყველაფერი სცადოს, როგორც ჭიდაობა, ასევე ხელით ჩხუბი. სეხუდო ფიქრობს, რომ დვალიშვილი ჭიდაობას დაუწყებს. ეს ჩვენს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ და მძიმე დარტყმები გავუტაროთ. მერაბი მანქანაა, იცის ვის როგორი ბრძოლა უნდა შესთავაზოს.
- როგორ ფიქრობთ, მერაბს სატიტულო ბრძოლას რატომ არ აძლევენ?
- რაც შეხება მერაბის სატიტულო ბრძოლას. ცხადია, რომ მსგავსი სიტუაცია ალჯოსა და მერაბის მეგობრობის გამო შეიქმნა. მერაბს ერთხელ მაინც, რომ ეხსენებინა ალჯოსთან ბრძოლა, UFC ამ ყველაფერს მარკეტინგული თვალსაზრისით კარგად შეფუთავდა. გაყიდვად ორთაბრძოლად აქცევდნენ - "საუკეთესო მეგობრები უკეთესი მტრები". თუმცა, ჩვენ ჩემპიონობისთვის მეგობრებთან ბრძოლა არ გვჭირდება. ამ გამარჯვების შემდეგ ქამარზე ბრძოლა გარდაუვალია.
- ამ ბრძოლების წარმატებული შედეგით დასრულების შემთხვევაში, უნდა ველოდოთ თუ არა UFC-ის ღონისძიებას საქართველოში?
- ალბათ, თავიდან უფრო ესპანეთში, ვიდრე საქართველოში. მაგრამ, ვნახოთ... ამ გამარჯვებებით ქართველი მებრძოლებისთვის დიდი კარი გაიღება. UFC-ში მეტი მებრძოლი გვეყოლება და ეს იქნება გარანტია იმისა, რომ Fight Night Georgia-ც ვიხილოთ. - ამბობს ამირან გოგოლაძე
18 თებერვალი ქართული სპორტისთვის იტორიული დღეა. ილია თოფურია UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის პირველად იბრძვის და დიდია შანსი, პირველი ქართველი ჩემპიონიც გახდეს.
იმავე ღამეს ვიხილავთ მერაბ დვალიშვილსაც, რომელიც ყოფილ ჩემპიონს შეხვდება და როგორც ამირანმა თქვა, გამარჯვების შემთხვევაში ტიტულისთვის ბრძოლა გარდაუვალი იქნება.