Belive

ალჯამაინ სტერლინგი - დვალიშვილი საქართველოს ისტორიის დაწერას იმსახურებს!

2 წლის წინ სხვა
3 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონი - ალჯამაინ სტერლინგი, თანაგუნდელისა და დივიზიონის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის შესახებ საქებარ სიტყვებს არ იშურებს და საინტერესო კომენტარს აკეთებს. ალჯამაინ სტერლინგი აღნიშნავს, რომ მერაბ დვალიშვილთან შესაძლო დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, იგი წონას შეიცვლის. სტერლინგმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქართველ მებრძოლს დიდ პატივს სცემს და თანაგუნდელთან დაპირისპირება არ სურს. ალჯამაინ სტერლინგი UFC-ის სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია და რეიტინგის სათავეში იმყოფება. მისი თანაგუნდელი - მერაბ დვალიშვილი, რეიტინგის მე-5 პოზიციაზე იმყოფება და უახლოეს მომავალში, დივიზიონის ჩემპიონის ტიტულისათვის იბრძოლებს. Twitter-ზე, დვალიშვილის შესახებ დასმულ კითხვას, სტერლინგმა საინტერესო პასუხი გასცა. ალჯამაინ სტერლინგი: "მერაბის მომდევნო გამარჯვების შემდეგ, ალბათ წონით კატეგორიას შევიცვლი, რათა მან დამსახურებული შანსი მიიღოს იმისათვის, რომ სუპერმსუბუქი წონითი კატეგორიის ჩემპიონი გახდეს და მისი ქვეყნის ისტორია დაწეროს".

თანაგუნდელის სიტყვები UFC-ის ქართველ მებრძოლს უყურადღებოდ არ დარჩენია. დვალიშვილი განმარტავს, რომ მის წარმატებაში სტერლინგს უდიდესი წვლილი მიუძღვის. მერაბ დვალიშვილი: "ალჯო არის ოქრო კაცი. მისგან ბევრი რამე ვისწავლე და მას ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის…" მერაბ დვალიშვილის უკანასკნელი ბრძოლა UFC 266-ის ივენთზე გაიმართა. ქართველმა მებრძოლმა დრამატული "ქამბექი" შემოგვთავაზა და მეორე რაუნდში, ტექნიკური ნოკაუტით, ტიტულისათვის ბრძოლის ყოფილი პრეტენდენტი - მარლონ მორაეში დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ დვალიშვილმა ოქტაგონზე გამართული უკანასკნელი 7 ბრძოლა მოიგო და დივიზიონის ერთ-ერთ საუკეთესო მებრძოლად ჩამოყალიბდა.

სხვა სტატიები