ეროვნული ლიგის მე-12 ტური გადადებული მატჩის გამო, მიმდინარე სეზონში ყველაზე ხანგრძლივი აღმოჩნდა, თუმცა საკმაოდ უხვგოლიანიც. ტურის მთავარი შეხვედრა სწორედ მოგვიანებით ჩატარებული დედაქალაქური დერბი გახლდათ, რომელშიც "დინამომ" "საბურთალოს" - 3:1 აჯობა. იგივე ანგარიშით მოიგო მეორე დინამომაც - ბათუმელებმა "თელავს" სტუმრად აჯობეს. ყველაზე დიდი სხვაობით "ლოკომოტივმა" იმარჯვა - ესპანეთიდან დაბრუნებულმა თბილისელებმა "მერანს" 4 უპასუხო გოლი გაუტანეს. 4 გოლი გავიდა იმერულ დერბიშიც, სადაც ერთმანეთს "ჩიხურა" და "ტორპედო" დაუზავდნენ, შესაბამისად - 2:2. მატჩი, რომელშიც ერთადერთი გოლი გავიდა, "სამტრედიასა" და "დილას" დაპირისპირება გახლდათ, რომელიც იმერეთში მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა.