24 HOURS OF LE MANS | პორშე ტრიუმფალური მე-20 ტიტულისთვის ემზადება
15-16 ივნისს, ავტოსპორტის მოყვარულებს "ლე მანის" ლეგენდარულ ავტოდრომზე, განსაკუთრებული სანახაობა ელით. "24 Hours of Le Mans" ეს არის უჩვეულო და ხანგრძლივი რბოლა, სადაც Hypercar-ები მონაწილეობენ და გამარჯვებულის გამოსავლენად, არა სისწრაფე - არამედ დაფარული დისტანცია და ავტომობილის გამძლეობაა გადამწყვეტი ფაქტორი.
რბოლის მთავარ ფავორიტად, გერმანული Porsche ითვლება, რომელმაც წარსულში ჩემპიონის 19 ტიტული მოიპოვა. კონკურენციას კი ისეთი სახელოვანი ავტომწარმოებლები უწევენ, როგორიცაა Audi (13 ტიტული) და Ferrari (10 ტიტული). აღსანიშნავია, რომ Porsche-ს გუნდმა უკანასკნელი ტიტული 2017 წელს მოიპოვა და 7-წლიანი პაუზის შემდეგ, ტრიუმფით დაბრუნებას გეგმავს.
როგორც გითხარით, "24 Hours of Le Mans" არის რბოლა, რომელშიც გამარჯვებულის გამოსავლენად მთავარი ფაქტორი ავტომობილის გამძლეობა და 24 საათის განმავლობაში დაფარული დისტანციაა. 24 საათის განმავლობაში სუპერქარის საჭესთან ჯდომა კი ნებისმიერი მრბოლელისთვის წარმოუდგენელი ამოცანაა, ამიტომ Porsche 919 Hybrid-ს 3 პილოტი ეყოლება.
გასულ წელს გამართული რბოლა, Porsche-ს გუნდის ფიასკოთი დასრულდა. მაშინ, როდესაც მთავარი ბრძოლა Ferrari-სა და Toyota-ს შორის გაიმართა, Porsche-ს სირთულეების კასკადი არ ასცდა. რბოლაში მონაწილე 3 Porsche 963-დან, ნომერმა 5-მა რბოლა მე-17 პოზიციაზე დაასრულა, ნომერმა 6-მა ფინიშის ხაზი 22-მ გადაკვეთა, ხოლო ნომერი 75 იძულებული გახდა რბოლას ჩახსნოდა.
შედეგმა, რა თქმა უნდა, იმედგაცრუება გამოიწვია და გუნდის რეპუტაციას მძიმე დარტყმა მიაყენა. ფიასკოს მიზეზად, ავტომობილების გამაგრილებელი სისტემების პრობლემურობა დასახელდა, მაგრამ 12 თვის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა და გერმანელები ტრიუმფალურ დაბრუნებას აანონსებენ.
2024 FIA World Endurance Championship-ის მიმდინარე სეზონში, საერთო ჩათვლას Porsche ლიდერობს. ყატარში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გერმანულმა კონცერნმა იტალიასა და ბელგიაში პოდიუმზე მე-2 ადგილი დაიკავა, საერთო ჩათვლაში 74 ქულა დააგროვა და Hypercar-ის კატეგორიას ერთპიროვნულად ლიდერობს.