"დიდი ანგარიშით გამარჯვებას ველით" - რიჩარდ კოკერილი
2 დღის წინ
რაგბი
1 წთ
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის შეხვედრას დღეს, შვეიცარიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს, მატჩი 16:00 საათზე, ავჭალის სტადიონზე გაიმართება.
მატჩამდე ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა კომენტარი გააკეთა:
მოთამაშეების უმეტესობა ორშაბათს შემოგვიერთდა და მოკლე მოსამზადებელი კვირა გვქონდა, თუმცა კარგად ვივარჯიშეთ და თამაშისთვის მზად ვართ. შვეიცარია ამ დონეზე პირველად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მას პატივისცემით ვეპყრობით, დიდი ანგარიშით გამარჯვებას ველით.
მსოფლიო თასამდე დარჩენილ პერიოდში, ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირია. ეს ტურნირი აუცილებლად მოსაგები გვაქვს, რათა მსოფლიო თასზე საუკეთესო ჯგუფში მოვხვდეთ. სწორედ ამიტომაა ეს ჩემპიონატი განსაკუთრებული. - რიჩარდ კოკერილი - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ - 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული, აქედან ბოლო 7 მიყოლებით (2018-2024 წლები). საქართველო შვეიცარიას ერთადერთხელ, 31 წლის წინ ეთამაშა და მაშინ სტუმრად მინიმალური სხვაობით, 22:21 გაიმარჯვა. რაც შეეხება მსოფლიო თასის საგზურს, მას რაგბი ევროპის ჩემპიონატის ოთხი ნახევარფინალისტი მიიღებს, მეხუთე გუნდი კი რეპეშაჟში ჩაერთვება.