6 ერი | გაძევების წესი, რომელიც პრესტიჟულ ტურნირზე იმოქმედებს
2025 წლის 6 ერის ტურნირის დაწყებამდე 8 დღეა დარჩენილი. ევროპული სანაკრებო რაგბის პრესტიჟული გათამაშება 1 თებერვალს აიღებს სტარტს და 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
6 ერის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ ისტორიული ტურნირის წესებში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. აღსანიშნავია, რომ წესების გარკვეული ცვლილება, გასული წლის ნოემბრის ტესტ-მატჩებზე გაიტესტა და დადებითი შეფასება დაიმსახურა.
პირველ რიგში, 6 ერის წლევანდელ გათამაშებაში "20-წუთიანი წითელი ბარათი" დაინერგება. გუნდს შესაძლებლობა ექნება, რომ ტექნიკური დარღვევის გამო გაძევებული მოთამაშე, გაძევებიდან 20 წუთის შემდეგ ჩაანაცვლოს. ეს ცვლილება მიზნად ისახავს, რომ დაისაჯოს მხოლოდ კონკრეტული წესების დამრღვევი მოთამაშე და არა მთლიანად გუნდი. ამასთანავე, არბიტრებს ექნებათ უფლება, რომ მოედნიდან პირდაპირი წითელი ბარათით გააძევონ მოთამაშე, რომელიც გამიზნულ და საფრთხის შემცველ ქმედებას ჩაიდენს.
არბიტრებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გულშემატკივრებს მიკროფონის მეშვეობით მიაწოდონ ინფორმაცია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების შესახებ. თამაშის აჩქარების მიზნით კი გარდასახვებისა და ჯარიმების შესრულების დროს, 60-წამიანი ლიმიტი დაწესდება - შერკინება და დერეფანი კი 30 წამში უნდა მოეწყოს.
საბოლოო და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ღერძის მოთამაშეებს ეხება. შერკინებების, რაქისა და მოლის დროს, 9 ნომრის დაცვის წესი იმოქმედებს. იმ დროს, როდესაც ბურთი ჯერ კიდევ ბოჭვის არეალში, რაქში ან მოლში იქნება, 9-ნომრის წინააღმდეგ თამაში არ შეიძლება.
შეგახსენებთ, ელიტარული კატეგორიის ქართველი არბიტრი, ნიკა ამაშუკელი 2025 წლის 6 ერზე, პრინციპულ დაპირისპირებას განსჯის.
ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, 8 თებერვალს, ნიკა ამაშუკელი ინგლისისა და საფრანგეთის სარაგბო დაპირისპირების მთავარი არბიტრი იქნება. საკულტო სარაგბო მატჩის პარალელურად, ამაშუკელი მომავალ 6 ერზე, კიდის მსაჯის რანგში კიდევ 2 მატჩს მოემსახურება. ქართველი არბიტრი უელსი - ირლანდიისა და უელსი - ინგლისის მატჩებე იმუშავებს.
8 თებერვალი
ინგლისი Vs. საფრანგეთი (მთავარი მსაჯი)
22 თებერვალი
უელსი Vs. ირლანდია (კიდის მსაჯი)
3 მარტი
უელსი Vs. ინგლისი (კიდის მსაჯი)