ტრაბზონსპორი უკრაინულ ბაზარზე აქტიურობს: ირაკლი აზაროვი ინტერესთა სფეროშია
უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის "შახტარის" ფლანგის ფეხბურთელმა, ირაკლი აზაროვმა, შესაძლებელია კარიერა "ტრაბზონსპორში" გააგრძელოს.
sport.ua წერს, რომ გუნდის გამოცდილ მთავარ მწვრთნელს, შენოლ გიუნეშს უკრაინის ჩემპიონატიდან 4 ფეხბურთელის გადაბირება აქვს გამიზნული და ერთ-ერთი მათგანი 22 წლის ქართველია. მედია საშუალება ინფორმაციის დასამოწმებლად თურქულ მედიას იმოწმებს.
"ტრაბზონსპორის" მთავარი მწვრთნელი გუნდის პრეზიდენტს, ერთგურულ დოგანს შეხვდა და ტრანსფერის საკითხები განიხილა. შეხვედრის დროს პრიორიტეტები განიხილეს და კონკრეტულად შეთანხმდნენ, თუ რომელი ფეხბურთელის დამატება სურთ", - ციტირებს sport.ua თურქული მედიის სიტყვებს.
ოთხ ფეხბურთელს შორის, რომლის დამატებაც ტრაბზონელებს სურთ, ირაკლი აზაროვიც არის. იმის გამო, რომ ამ სეზონში ნიჭიერ ქართველ ფეხბურთელს მთავარი მწვრთნელი მცირე სათამაშო დროს აძლევს, ტრანსფერი მეტად რეალური ხდება.
ქართველი ფეხბურთელის დამატება 2024 წლის ზაფხულში, შოტლანდიურ გრანდებს, გლაზგოს "სელტიკსა" და "რეინჯერსს" აინტერესებდათ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა.
ირაკლი აზაროვს "შახტარში" 2024/25 წლების სეზონში რვა მატჩში აქვს ნათამაშები და მის აქტივში უკრაინის ჩემპიონატში 1 საგოლე პასია. მედიაში ვარაუდობენ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის ლიგის ფაზის მეშვიდე ტურში, "ბრესტთან" მატჩში ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იქნება.