საქართველოსთან მატჩებამდე: სომხეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ტრავმირებულია
უეფას ერთა ლიგის B და C დივიზიონებს შორის გასამართი პლეი-ოფის მატჩებში სომხეთის ნაკრებს ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, ედუარდ სპერტსიანი ვერ დაეხმარება.
რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში, "კრილია სოვეტოვთან" მატჩისას, "კრასნოდარის" კაპიტანმა მძიმე ტრავმა მიიღო. 24 წლის შემტევი ნახევარმცველის ტრავმის დეტალები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დიდი შანსია მას ფეხის მოტეხილობა ჰქონდეს და საკმაო დრო გაუცდეს.
ედუარდ სპერტსიანი საქართველოში, ჯავახეთში, ახალქალაქის რაიონის სოფელ ხანდოში დაიბადა და გაიზარდა, შემდეგ ის რუსეთში მოხვდა, საფეხბურთო კარიერა "კრასნოდარის" აკადემიაში დაიწყო და წლებია ამ გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და კაპიტანია. სპერსტაინს სომხეთის ნაკრების შემადგენლობაში 32 მატჩში 6 გოლი აქვს გატანილი და 4 საგოლე პასი გაკეთებული.
საქართველოს ნაკრები სომხეთს სტუმრად, 20 მარტს, ხოლო საპასუხო მატჩში 23 რიცხვში, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" შეხვდება.