ქოჩორაშვილი ბრუნდება: ტრავმის შემდეგ ქართველი ლევანტეს განაცხადშია
გიორგი ქოჩორაშვილი ფეხის ტერფის არეში მიღებული ტრავმის შემდეგ მოედანს უბრუნდება. უდიდესი ალბათობით, ქართველი ცენტრალური ნახევარმცველი ლა ლიგა 2-ის 25-ე ტურის დასკვნით მატჩში, "რასინგ ფეროლის" პირისპირ, "ლევანტეს" შემადგენლობაში თამაშს მოახერხებს.
ვალენსიელებმა მატჩისთვის განაცხადი გამოაქვეყნეს, რომელშიც საქართველოს ნაკრების ფეხბურთელიც მოხვდა. მას ტერფის ტრავმა ჰქონდა და ლა კორუნიის "დეპორტივოსთან" (3:1) მოგებული მატჩის გამოტოვება მოუწია, სავარაუდო გახლდათ, რომ ის "ფეროლთანაც" ვერ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი მოსალოდნელზე უფრო კარგადაა.
გიორგი ქოჩორაშვილის გუნდი ლა ლიგა 2-ში ამ მომენტისთვის მეშვიდე პოზიციას იკავებს, "ფეროლთან" გამარჯვების შემთხვევაში კი მეორე ადგილზე გადასვლის შესაძლებლობა ექნება. ლა ლიგა 2-დან ლა ლიგაში პირდაპირ ორი გუნდი გადადის.
გიორგი ქოჩორაშვილს "ლევანტეს" შემადგენლობაში ამ სეზონში ლა ლიგა 2-ში 19 მატჩში 5 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული, საქართველოს ნაკრებში კი ერთა ლიგაზე 5 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე პასის გაკეთება შეძლო. უახლესი ინფორმაციით, 25 წლის ქართველი ფეხბურთელის დამატება ლისაბონის "სპორტინგს" სურს.
"ლევანტესა" და "ფეროლის" მატჩი 3 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება.