მეშვიდე ქართველი შტურმში | გრაცელებს დინამოს 18 წლის ფეხბურთელის დამატება სურთ
digital-ის ინფორმაციით, გრაცის შტურმი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი გვასალიას დამატებას აპირებს.
"გრაცელებს კიდევ ორი სახელი დაუკავშირეს. გავრცელებული ინფორმაციით, გრაცელებმა ინტერესი გამოიჩინეს გიორგი გვასალიას მიმართ, რომელიც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. თბილისის დინამოს 18 წლის ფეხბურთელი მარჯვენა მცველია, თუმცა თამაში მარცხენა ფლანგზეც შეუძლია", - წერს digital.
გიორგი გვასალია დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და 44 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე პასი გაკეთებული. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში გიორგი გვასალიას 3 შეხვედრაში აქვს ნათამაშები.
გრაცის შტურმი ქართველებისთვის ნაცნობი გუნდია, აქ ისტორიაში 6 ქართველ ფეხბურთელს, დავით მუჯირს, გიორგი შაშიაშვილს, ილია კანდელაკს, გიორგი ფოფხაძეს, ოთარ კიტეიშვილს და გიზი მამაგეიშვილს უთამაშიათ. ქართულ დუეტთან ერთად შტურმმა სეზონი ავსტრიაში მეორე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.
შტურმის ისტორიაში განსაკუთრებული წვლილი ოთარ კიტეიშვილს აქვს შეტანილი, რომელმაც შტურმთან ერთად ორჯერ ავსტრიის თასი, ორჯერ ჩემპიონატი მოიგო, 20 წელზე მეტხნიანი პაუზის შემდეგ გუნდს ჩემპიონთა ლიგის საგზური მოაპოვებინა, ზედიზედ 3-ჯერ ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და გუნდის გამორჩეული მეგოლე გახდა. ამ სეზონში კიტეიშვილმა ავსტრიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის წოდება მოიპოვა. შტურმის შემადგენლობაში ოთარ კიტეიშვილს 268 მატჩში 72 გოლი აქვს გატანილი და 43 საგოლე პასი გაკეთებული.