ეროვნული ლიგა იწყება: რას უნდა ველოდოთ საწყის ტურში?
საქართველოს ეროვნული ლიგის ახალი, დამოუკიდებელი ჩემპიონატის ისტორიაში 37-ე სეზონი სტარტს 2025 წლის 28 თებერვალს აიღებს.
საწყის ტურში ძალზედ საინტერესო 5 მატჩი გველოდება:
"იბერია 1999" - "თელავი"
წყალტუბოს "სამგურალი" - "კოლხეთი 1913"
ქუთაისის "ტორპედო" - "გაგრა"
გორის "დილა" - საგარეჯოს "გარეჯი"
"დინამო ბათუმი" - "დინამო თბილისი"
კალენდრიდან ვიგებთ, რომ ჩემპიონატის სტარტზევე, საკმაოდ დამაინტრიგებელი შეხვედრები გველის, ახალი სეზონის გახსნის პატივი კი 2024 წლის ჩემპიონს, "იბერია 1999-სა" და 2016 წელს დაარსებულ "თელავს" აქვთ, რომელიც ქვეყნის რანგით ყველაზე მაღალ ლიგაში ადგილს მიჯრით 5 სეზონია ინარჩუნებს.
საწყის ტურში ბევრ სიახლეს ველოდებით ისეთი გუნდებისგან, რომლებმაც ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა და წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდი საკმაოდ ნაყოფიერად გაიარეს. თითქმის ათივე მონაწილე გუნდს უამრავი სიახლე აქვს, როგორც სამწვრთნელო ცვლილებების, ისე ფეხბურთელების სელექციისა და ზოგადად, შემადგენლობის დაკომპლექტების თვალსაზრისით.
ჩემპიონატს ისეთი ფეხბურთელები შეემატნენ, რომლებსაც წლების განმავლობაში საქართველოს ნაკრების ღირსება აქვთ დაცული და ჩვენი გუნდის ისტორიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ: თორნიკე ოქრიაშვილი, ჯაბა კანკავა, ვაკო გვილია და სხვები, რომლებიც საკუთარი გამოცდილების იმ ახალგაზრდა ტალანტებისთვის გაზიარებას შეეცდებიან, რომელთა სამჭედლოდაც გასულ წლებში საქართველოს ჩემპიონატი იქცა.
ტრადიციულად, ველით ახალგაზრდა ტალანტების გამოჩენას იმ გუნდებში, რომლებსაც წლების განმავლობაში აკადემიების პროდუქტიკული მუშაობა და იქ აღზრდილი ფეხბურთელების მთავარ შემადგენლობაში ინტეგრაციის წარმატებული პრაქტიკა გამოარჩევთ.
საინტერესოა, როგორ გააგრძელებს ახალი გუნდის მშენებლობას გასული წლების ორი მთავარი დომინანტი გუნდი, ორი "დინამო", თბილისური და ბათუმური.
განსაკუთრებული აქცენტი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ცხადია იმ გუნდებსა და მათ მიერ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის გამოვლენისკენ აქვთ, რომელსაც ქვეყნის პრესტიჟის დაცვა საერთაშორისო არენაზე მოუწევთ. ასეთი ოთხი გუნდია, ქვეყნის ჩემპიონი "იბერია 1999", მეორე და მესამეადგილოსნები, შესაბამისად, ქუთაისის "ტორპედო" და გორის "დილა" და რანგით მეორე ლიგაში მოთამაშე, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის მოქმედი გამარჯვებული, "სპაერი".
ახალ სეზონში, ჩემპიონატის ორ ყველაზე ტიტულოვან გუნდს, "დინამო თბილისსა" და ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მთავარი მწვრთნელები, შესაბამისად, დირკ შუსტერი და ვლადიმერ კაკაშვილი ჰყავთ.
წინა სეზონის 10 გუნდიდან 9 კვლავ ეროვნულ ლიგაშია, მათ გვერდით კი გვყავს ერთადერთი დებიუტანტი, საგარეჯოს "გარეჯი", რომელმაც რამდენიმე წლის წინ ახალ ეტაპზე გადასვლა დაიწყო და 2025 წელს, სადებიუტოდ, რანგით უმაღლეს ლიგის კარსაც შეაღებს.
საწყის თვეში, ვიდრე სანაკრებო შესვენება დაიწყება და 2025 წელს სადებიუტოდ, საქმეში ქვეყნის მთავარი საფეხბურთო გუნდი ჩაერთვება, ეროვნულ ლიგაში 4 ტურის მატჩები გაიმართება, რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, იგი 8 მარტს "სპაერისა" და "დინამო თბილისი 2-ის" მატჩით გაიხსნება.