დინამო თბილისის მოცურავეებმა საქართველოს ჩემპიონატზე 2 ეროვნული რეკორდი დაამყარეს
13–15 ნოემბერს გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე ცურვაში "დინამო თბილისის" სპორტსმენებმა 10 მედალი - 5 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ამასთან, კლუბის ორმა მოცურავემ საქართველოს ეროვნული რეკორდი დაამყარა. საქართველოს ჩემპიონატზე "დინამო თბილისი" 9 სპორტსმენით, ორ კატეგორიაში იყო წარმოდგენილი. ჩემპიონატი კლუბისთვის გამორჩეული აღმოჩნდა, როგორც მოპოვებული მედლებით, ისე ეროვნული რეკორდებითა და ინდივიდუალური აღიარებით. ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს ეროვნული რეკორდები დაამყარეს:
ალექსანდრე ერაძე - 100 მეტრზე ბრასით ცურვაში, შედეგით 1:00.30
მიხეილ სერედინსკი - 1500 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში, შედეგით 15:36.64
განსაკუთრებით აღსანიშნავია მიხეილ სერედინსკის ინდივიდუალური წარმატებაც. ეროვნული რეკორდის დამყარებასთან ერთად, მიხეილი ვაჟთა აბსოლუტურ კატეგორიაში ტურნირის საუკეთესო მოცურავედ დასახელდა.
"დინამო თბილისი" საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ცურვაში პირველად წარდგა. სადებიუტო ასპარეზობა კლუბისთვის მნიშვნელოვანი წარმატებით დასრულდა. მოპოვებული 10 მედალი, ორი ეროვნული რეკორდი და ტურნირის საუკეთესო მოცურავის ტიტული გუნდის ცურვის მიმართ სპორტულ პოტენციალსა და სამომავლო განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს.
საქართველოს ჩემპიონატზე მიღწეული შედეგები "დინამო თბილისის" სპორტულ ისტორიაში მნიშვნელოვანი ეტაპია. კლუბი აგრძელებს ქართული ცურვის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას, სპორტსმენების მხარდაჭერასა და ახალი სპორტული წარმატებებისკენ სწრაფვას.