ლაზიერის გამბიტის ეფექტი: The Washington Post-მა ქართველ ქალ მოჭადრაკეებს ვრცელი სტატია მიუძღვნა
4 წლის წინ
სხვა
8 წთ
იისფრად შეღებილ ოთახში 17 წლის კატო ფიფია თავის კომპიუტერთან ზის და მეტოქეებს ამარცხებს. ოთახის კედლებზე ლეგენდარული ბობი ფიშერის ფოტოს, ასევე არიანა გრანდესა და "სამეფო კარის თამაშების" პოსტერებს ვხედავთ. ოქტომბერში ფიფია მსოფლიოს ონლაინ სასკოლო ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა, რომელშიც მონაწილეობას 37 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა. მისი მორიგი მიზანი? "საერთაშორისო დიდოსტატი მინდა გავხდე", - ამბობს ის. ათწლეულების განმავლობაში, პატარა საქართველო გლობალურ საჭადრაკო დაფაზე მაქსიმუმზე მაღალ შედეგს აჩვენებდა. ცივი ომის ეპოქაში, ქართველ ქალებს შორის, ეს გზა პირველად ნონა გაფრინდაშვილმა გაკაფა. გაფრინდაშვილსა და ბეტ ჰარმორს შორის კი, პარალელის გავლება შეიძლება.

1978 წელს, ისტორიაში პირველად, ნონა გაფრინდაშვილი ჭადრაკის დიდოსტატი გახდა (უმაღლესი ტიტული საჭადრაკო სამყაროში). 79 წლის ასაკში, ის ტურნირებზე კვლავ ასპარეზობს - 2019 წლის ნოემბერში, გაფრინდაშვილმა 65 წელს გადაცილებულ ქალ ვეტერან მოჭადრაკეთა შორის, მსოფლიო ჩემპიონის წოდება მოიპოვა. გაფრინდაშვილი მისაბაძი მაგალითია ახალი თაობის ახალგაზრდა ქალებისთვის, რომლებსაც ჩემპიონობამ, შესაძლოა, საქართველოში ვარსკვლავის სტატუსი მოუტანოს.
"ის ნამდვილი ლეგენდაა", - ამბობს ფიფია. ნონა გაფრინდაშვილმა გაიხსენა, თუ როგორ მოუტანა დიდოსტატის ტიტულმა მას საბჭოთა კავშირში პოპულარობა. მოსკოვიდან თბილისში მატარებლით მიმავალს, გაფრინდაშვილს თითოეულ გაჩერებაზე გულშემატკივარი ხვდებოდა. "იმდენი ხალხი იყო, რომ მამაჩემმა ფეხსაცმელი დაკარგა", - იხსენებს გაფრინდაშვილი, რომელიც თბილისში, საბჭოთა ხელისუფლების მიერ ნაჩუქარ ბინაში ცხოვრობს. "ნონა იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა ჭადრაკი მამაკაცთა დონეს გაუთანაბრა. ეს მარსზე ან იუპიტერზე დაშვებას ჰგავდა და იმ დრომდე, წარმოუდგენელი იყო", - იხსენებს იუგოსლავიის სახელით მოასპარეზე მოჭადრაკე და ჟურნალისტი, მილუნკა ლაზარევიჩი.
