გამოდი კაპიტანო! დაგველაპარაკე, შეგვაგინე მაინც...
4 წლის წინ
სხვა
7 წთ
მაგრამ, სულ მაგრამ... მძულს სიტყვა "მაგრამ"....მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, დავფიქრდეთ, გავაანალიზოთ, გავაკრიტიკოთ, შევცვალოთ, შეცდომა დავუშვათ და ისევ გავაგრძელოთ. ჰოდა მიიღეთ ეს კრიტიკა, დაჯექით, ითათბირეთ, შეცვალეთ, შეცდომაც დაუშვით, ოღონდ ტყუილად არ ირწმუნოთ, რომ სწორ გზაზე ხართ, იმიტომ რომ ჯერჯერობით ნათლად ჩანს, რომ ჩვენი გეზი არასწორია.

ვაისი
ჩვენმა ჟურნალისტებმა რომ პრესკონფერენცია დატოვეს და ასე გამოხატეს პროტესტი ვაისის მიმართ, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ეს ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება იყო. ამაშიც გამოუცდელები ვართ. ყველას უკვე "იქ" გვეგონა უკვე თავი და დაგვანარცხეს მიწაზე. როდესაც წამოვდექით, პირველი ვაისი დავინახეთ: გადავუარეთ, მაგრამ შევცდით. ვაისმა პასუხისმგებლობაც აიღო, ბოდიშიც მოგვიხადა და წასვლაც დააანონსა. ისე სხვათა შორის, ვაისმა მოგვიყვანა აქამდე თუ ვინმეს, ჟურნალისტსა თუ ფედერაციას, მისი კრიტიკა სურდა, ეს ხომ აქამდე უნდა გაეკეთებინა და არა პოსტ ფაქტუმ?
მდუმარე კაპიტანი
სადმე გინახავთ, კაპიტანი ხმას არ იღებდეს მას შემდეგ, რაც მთელი ერი განადგურდა? არსებობს მომენტები, როცა შენ, შენ თავს აღარ ეკუთვნი და საჯარო სივრცეში გადადიხარ. ასეთ დროს, შენდა უნებურად, ხდები ის, რაც ხალხს ეკუთვნის - ნაკრები კი, საქართველოს ეროვნული ნაკრები (სახელიც გეუბნებათ), სწორედ, ჩვენ, ხალხს გვეკუთვნის. ხალხს, რომელიც ამ ოცნებით ვიძინებდით და ვიღვიძებდით, ხალხს, რომელსაც ამ 28 წლის მანძილზე ყველა სფეროში ალბათ 1000-ჯერ მაინც გაგვიცრუვდა იმედები, კაპიტანი ხარ და არაფერს არ გვეუბნები? ნაკრების უკან ხომ მთელი ერია? ჰოდა, არ ხარ მაშინ ის, ვინც ნაკრებსა და მთელ ერს წინ უნდა წაუძღვრე. მინდა, ჩემი ნაკრების კაპიტანმა დაძლიოს კომპლექსი (თუ რაც არის, აბა მედიასთან არასდროს ხმის ამოღებას, სხვა რამეს ვერ დავარქმევ), იყოს ძლიერი მოედნის გარეთაც და გამოვიდეს, დაგველაპარაკოს, დაგვამშვიდოს, ბოდიში მოგვიხადოს, ახალი ენერგიით აგვავსოს, მოგვიწოდოს, იყვიროს, იტიროს, ახალგაზრდები გაამხნევოს, შეგვაგინოს მაინც.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია
ახლა მივბრუნდეთ, იქ საიდანაც ეს ყველაფერი მოდის - ოღონდ არ გეგონოთ, რომ მხოლოდ ამჟამინდელ ფედერაციაზე ვაპირებ რაიმეს დაწერას. არა, ფედერაციას, რომელიც დასაბამიდან პოლიტიკურ თავშესაფრად არის გადაქცეული. ფედერაციას, რომელიც ხალხის ფულს (დიახ, ჩემს და თქვენს ფულს) იღებს და შემდეგ ამას უშედეგოდ ანაწილებს და ამ შედეგებზე, უმეტესად, არაფერი მოეთხოვება. ფედერაცია რომელიც ქმნის 265 მილიონიან ფონდს და ჩვენი გადასახადებით ასულდგმულებს გუნდებს და ფეხბურთელებს. ჰმ, ფეხბურთელებს... ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია. ფეხბურთელი არის მბაპე, მოდრიჩი, პოგბა და სხვები, ესენი კი არიან ადამიანები, რომლებიც ბურთს აგორავებენ, არაპროფესიონალები და კიდევ ჩემი ჯიბიდან იღებენ ხელფასს (რა თქმა უნდა, ეხება უმრავლესობას და არა ყველას). არა მეგობრებო, ასე არ შენდება ფეხბურთი. არა, ფეხბურთი შენდება მწვრთნელებიდან, ბავშვებიდან, სათანადო ინფრასტრუქტურიდან და რაც მთავარია - ჟინიდან, მონდომებიდან და საქმის სიყვარულიდან...