'დიახ, მე ვბრუნდები' | ტედი რინერმა ტატამიზე დაბრუნება დაადასტურა
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული მესამე ოლიმპიური ოქროს შემდეგ, 36 წლის ტედი რინერი ტატამზე პირველად, 30 აგვისტოს, ლოზანას გრანდ სლემზე გამოჩნდება.
ტედი რინერი საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაშია და მან თავად განაცხადა, რომ მძიმე ტრავმისა და ოპერაციის შემდეგ, სურს ასპარეზობა დაიწყოს, შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოემზადება.
2024 წლის დეკემბერში, რინერს მარჯვენა იდაყვზე ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ, ეს პროცედურა არ შეაფერხებს მის ამბიციებს ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, სადაც ის კიდევ ორი ოქროს მედლის მოპოვებას ისახავს მიზნად.
სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს ტედი რინერს ტატამიზე არაერთხელ შევხვდებით, რადგან ოლიმპიადის საკვალიფიკაციო პერიოდი 15 ივნისიდან იწყება.
ტედი რინერმა ვარჯიში განაახლა
დაბრუნების შესახებ, ყველა დროის ყველაზე ტიტულოვანმა ძიუდოისტმა თავად ისაუბრა.
"შეჯიბრებებში დაბრუნება ყოველთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა. ლოზანა მნიშვნელოვანი ნაბიჯია რიტმში დასაბრუნებლად და სპორტისადმი ჩემი გრძნობის აღსადგენად.
დიდი ხანია ტატამიზე არ გამოვჩენილვარ და თან ამ ყველაფერს ემატება ის, რომ 37 წლის გავხდი, თუმცა მე გაჩერებას არ ვაპირებ, როგორც პარიზის ოლიმპიადის შემდეგ ვთქვი, ახლაც იმ აზრზე ვარ, რომ ლოს ანჯელესის ოლიმპიადაზე მორიგი ოქროს მედალი მსურს..." - ტედი რინერი
ტედი რინერი ისტორიაში პირველი ძიუდოისტია, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე 7 მედალი მოიპოვა, ასევე პირველი ძიუდოისტია ისტორიაში, რომელმაც 5-ჯერ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება (3-ჯერ ინდივიდუალურად, 2-ჯერ გუნდურ შეჯიბრში).
შეგახსენებთ, რომ გარდა ოლიმპიური ჩემპიონობისა, ტედი რინერი 11-გზის მსოფლიოსა და 5-გზის ევროპის ჩემპიონია.