ცნობილია, რომელ კალათაში იქნება საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის წილისყრაზე
27 მარტს, ლატვიის დედაქალაქ რიგაში ევრობასკეტის წილისყრა გაიმართება, რომელიც კონტინენტის პირველობის ფინალურ ეტაპზე გასულ 24 ნაკრებს 4 ჯგუფში გაანაწილებს. თითო ჯგუფი თითო ქვეყანაში – ლატვიაში, პოლონეთში, ფინეთსა და კვიპროსში ჩატარდება. ამ ქვეყნების ნაკრებები თითოეულ ჯგუფს სათავეში ჩაუდგებიან, ხოლო დანარჩენებს უშუალოდ წილისყრა შეავსებს.
ფიბა-მ ოფიციალურად გამოაქვეყნა განთესვის კალათები, რომლის მიხედვითაც წილისყრა ჩატარდება. ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგის მიხედვით საერთო სურათი ცხადი იყო, თუმცა განთესვის კალათებმა ახლა ოფიციალურად სახე მიიღო. თითოეულ ჯგუფში 6 გუნდია და თავისთავად, განთესვის კალათაც 6-ია. საქართველო მოხვდა მე-4 კალათაში ისრაელთან, ფინეთთან და თურქეთთან ერთად, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ნაკრებები ჩვენი მეტოქეები ვერ იქნებიან. რაკი ფინეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, საქართველო ფინეთში ვეღარ მოხვდება. ანუ ჩვენი ნაკრები სამი ქვეყნიდან ერთ-ერთში – ლატვიაში, კვიპროსში, ანაც პოლონეთში მოხვდება.
წილისყრის პრინციპი ასეთია: თითო კალათიდან თითო გუნდს ამოიღებენ და ასე შედგება 4 ჯგუფი. განთესვა არ ეხება გეოგრაფიულ ნაწილს – ანუ ნებისმიერი ქვეყნის ნაკრები ნებისმიერ 4 ქვეყანაში შეიძლება მოხვდნენ. ცხადია, პოლონეთი (კატოვიცეში), ლატვია (რიგაში), ფინეთი (ტამპერეში) და კვიპროსი (ლიმასოლში) საკუთარ ქვეყანაში ითამაშებენ.
ერთადერთი გამონაკლისი გახლავთ თანამასპინძელი ნაკრებები. ყველა მასპინძელს უფლება აქვს, მარკეტინგული პრინციპით აირჩიოს 1 მეტოქე, რომელიც ჯგუფში ეყოლება. ამით, მასპინძელი ქვეყანა თამაშებზე კონკრეტული მეტოქის გულშემატკივრებს იზიდავს. ეს უმეტესად ხდება მეზობელ ქვეყნებს შორის. ფინეთმა უკვე აირჩიე თანამასპინძელი და ეს იქნება შვედეთი. ეს ორივე ქვეყანას აწყობს – შვედი ქომაგები არა, დავუშვათ, კვიპროსში, არამედ მეზობელ ქვეყანაში გადავლენ თავიანთი ნაკრების თამაშებზე დასასწრებად, რითაც ფინეთს შვედეთის ყოველ თამაშზე უამრავი მაყურებელი, შესაბამისად, ბითუმად გაყიდული ბილეთი, გარანტირებული ექნება.
პირველ კალათაში მსოფლიო რეიტინგში ყველაზე წინ მყოფი ევროპული ქვეყნები – ესპანეთი, საფრანგეთი, სერბეთი და გერმანია არიან. მთლიანობაში კი კალათები ასე გამოიყურება:
სერბეთი, გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი
ლატვია, ლიეტუვა, სლოვენია, საბერძნეთი
იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, ჩეხეთი
ფინეთი, საქართველო, თურქეთი, ისრაელი
ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი
შვედეთი, ისლანდია, პორტუგალია, კვიპროსი
რიგაში 27 მარტს დაგეგმილ წილისყრას საქართველოს დელეგაციაც დაესწრება. ცერემონიალის პირდაპირი ტრანსლაცია FIBA-ს ოფოციალურ Youtube-არხზე განხორციელდება.
gbf.ge
What's the perfect draw for your country? 📊💬
— FIBA EuroBasket (@EuroBasket) March 3, 2025
The seeds have been confirmed for #EuroBasket 2025!
📅 Draw: 27th of March | 14:00 CET