Belive

ჟოაო პედრო: "იმედგაცრუებაც ფეხბურთის ნაწილია - ბრაზილიის ქომაგი ვიქნები"

1 დღის წინ ფეხბურთი
2 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, მსოფლიო ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა. 26-კაციან განაცხადში მოხვდა ნეიმარი, რომელსაც ეროვნულ გუნდში ბოლოს 2023 წლის ოქტომბერში ჰქონდა ნათამაშები.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ კარლო ანჩელოტიმ ეროვნულ ნაკრებში არ გამოიძახა ჩელსის თავდამსხმელი - ჟოაო პედრო, რომელსაც საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა.

ამ ფაქტის შესახებ, 24 წლის ბრაზილიელმა ფორვარდმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და პირველი კომენტარი გააკეთა.

"მე ვცდილობდი, ყოველთვის მაქსიმალურად გამომეყენებინა ჩემი შესაძლებლობები. სამწუხაროდ, ვერ შევძელი ჩემი ქვეყნის მსოფლიო ჩემპიონატზე წარმოდგენის ოცნების ასრულება.

მშვიდად და კონცენტრირებულად ვრჩები, როგორც ყოველთვის, ვცდილობ ვიყო. სიხარულიც და იმედგაცრუებაც ფეხბურთის ნაწილია.

ამიერიდან, ყველას, ვინც იქ არის, წარმატებებს ვუსურვებ და მე ვიქნები უბრალოდ კიდევ ერთი გულშემატკივარი, რომელიც მათ მეექვსე მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულის სამშობლოში დაბრუნებაში დაეხმარება..." - ჟოაო პედრო

ჟოაო პედროს ნაცვლად, ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში შემდეგ თავდამსხმელებს უხმეს - ენდრიკი, გაბრიელ მარტინელი, იგორ ტიაგო, ლუის ენრიკე, მატეუს კუნია, ნეიმარი, რაფინია, რაიანი, ვინისიუს ჟუნიორი.

ჟოაო პედროს ჩელსიში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, ყველა ტურნირზე მან 49 მატჩი ჩაატარა, სადაც 20 გოლისა და 9 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო, აქედან 15 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის შესრულება კი პრემიერ ლიგაში მოახერხა.

24 წლის ფორვარდი ეროვნულ ნაკრებში 2023 წლიდან თამაშობს, რა პერიოდშიც 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა გოლი არ გაუტანია.

ბრაზილიის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე C ჯგუფში მაროკოს, ჰაიტისა და შოტლანდიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

ანჩელოტის გუნდი პირველ შეხვედრას 13 ივნისს, მაროკოს წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები